რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „სასამართლომ“ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში“ ადანაშაულებს.
ადგილობრივ მედიასთან საუბრისას, სამოქალაქო აქტივისტის ადვოკატმა, ალან ბაზაევმა განაცხადა, რომ პროცესი დახურული იყო, რომელზეც თამარ მეარაყიშვილის მშობლები არ დაუშვეს და შვილთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მისცეს.
ადვოკატის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „სასამართლოს“ განაჩენს გაასაჩივრებს, ხოლო სამოქალაქო აქტივისტი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და შიმშილობას განაგრძობს.
რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „მილიციამ“ თამარ მეარაყიშვილი 22 დეკემბერს დააკავა.
ფაქტი დაადასტურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით უწყება აწარმოებს ინტენსიურ კომუნიკაციას, მათ შორის საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით.
დაკავებამდე თამარ მეარაყიშვილმა „ფეისბუკის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მოითხოვდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტთან“, ალან გაგლოევთან შეხვედრას და გეგმავდა, ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქციის გამართვას.
ამასთან, უკვე წლებია, რაც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „ხელმძღვანელობა“ ქართველ სამოქალაქო აქტივისტს ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნის, მათ შორის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის თვალსაზრისით.
მას ასევე ჩამორთმეული აქვს ის დოკუმენტაცია, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დასატოვებლად არის საჭირო.


