პრემიერი ირაკლი კობახიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და სურსათზე მაღალ ფასებზე საუბრობს.
მისი თქმით, ქართული ფასები ევროპულ ფასებზე ბევრად მაღალია, რაც გამოძიებას საჭიროებს.
მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა შეისწავლონ “ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები”
მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რათა ფასების შემცირება მოხერხდეს. “საჭიროების შემთხვევაში, ამისათვის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ”, – აცხადებს პრემიერი.
მისივე თქმით, შეიძლება, გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს.
„მაგალითად, ესაა ე.წ. ქსელის ქეშბექი, მაღაზიაში შესვლისთვის დაწესებული საფასური, დისტრიბუტორებისთვის ან მწარმოებლებისთვის თანხის გადახდის დაგვიანება, მაღაზიების სიმრავლე და ახალი მაღაზიის გახსნის ხარჯის ასახვა ფასში და ა.შ. რაც მთავარია, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ, რასაც, ბუნებრივია, დამატებითი ანალიზი ესაჭიროება,“- აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
ვიდეომიმართვაში ირაკლი კობახიძე ასევე ამბობს, რომ პროდუქტზე ფასნამატი და მიმწოდებლისთვის დაკისრებული ფინანსური ტვირთი იმდენად დიდია, რომ ქართველი მწარმოებლებისთვის ხშირად უფრო მომგებიანია, საკუთარი პროდუქცია არა ქართულ მარკეტებში გაყიდონ, არამედ საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანონ, რაც მისი განმარტებით, “სერიოზული პრობლემაა, რადგან სახელმწიფოს ინტერესი, პირიქით, ქართული წარმოების წახალისება და იმპორტის მაქსიმალურად შემცირებაა“.

