ე.წ. „საბოტაჟის საქმეზე“ თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 000-ლარიანი არასაპატიმრო გირაო შეუფარდა.
ამასთან, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ჩამოერთმევა პირადობის მოწმობა და პასპორტი, ასევე აეკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა გამოაცხადა, რითაც დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა.
გირაოს გადასახდელად ოპოზიციონერ ლიდერს 30-დღიანი ვადა განესაზღვრა.
ოფიციალურად უცნობია, რა გახდა ამ საქმეზე სასამართლო სხდომის დაჩქარებულად ჩატარების მიზეზი, თუმცა პროცესის დაწყებამდე ზურაბ ჯაფარიძემ ეს დაუკავშირა კოალიცია „ცვლილებისთვის“ რამდენიმე საათით ადრე გამართულ ბრიფინგს, რომელზეც ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციებზე ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ინსტანციებს მიმართა.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 7-თვიანი პატიმრობიდან 19 დეკემბერს გათავისუფლდა. ის დაკავებული იყო პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ბრალდებით.
6 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ დაიწყო სამართალწარმოება საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების მუხლებით.
იმავე დღეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურა გირაოს მოითხოვდა კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ.


