სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში, დიპლომატები მოწვეულ სტუმრებთან ერთად საგარეო პოლიტიკის ძირითად მიღწევებსა და გამოწვევებზე, ასევე სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე იმსჯელებენ.
კონფერენციის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, ასევე სასულიერო პირები.
სიტყვით მიმართვისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად გარე ჩარევები დაასახელა და ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსისთვის სირთულეების შექმნაში დასდო ბრალი:
„დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის დასაცავად მნიშვნელოვანია თანმიმდევრული, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის სათანადოდ განხორციელება.
უსაფრთხოების არსებული გამოწვევები, გეოპოლიტიკური ცვლილებები და მზარდი გაურკვევლობა კიდევ უფრო ზრდის პასუხისმგებლობას, რომელიც გვაკისრია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ეფექტიანად განსახორციელებლად.
არსებულ გარემოში დიპლომატიური სამსახურის სიმტკიცე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ქვეყნისთვის, რომლის წინაშეც უსაფრთხოების უდიდეს გამოწვევას ორი რეგიონის ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა წარმოადგენს.
საქართველომ, უსაფრთხოების ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, ბოლო წლებში განვითარების თვალსაჩინო შედეგებს მიაღწია…
ახალ შესაძლებლობებს ახალი გამოწვევებიც ახლავს, რაც სუვერენული საგარეო პოლიტიკის განმტკიცებას, ქვეყნის ინტერესების სიღრმისეულ გააზრებას და დიპლომატიური ინსტრუმენტების უფრო ეფექტიან გამოყენებას საჭიროებს.
ბოლო პერიოდში, ქვეყნის პოლიტიკური არჩევანის, სტაბილურობისა და ინსტიტუტების სანდოობის შელახვის მიზნით განხორციელებული გარე ჩარევები, საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
ჰიბრიდული მეთოდებით, დეზინფორმაციით, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლით, პოლარიზაციის წახალისებით განხორციელებული ქმედებების გასამკლავებლად, მცდარი ნარატივების საპასუხოდ და საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად ქვეყნის საგარეო სამსახური წარმოადგენს კრიტიკულ ხაზს…“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშივლმა.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც. მისი თქმით, „ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის ფონზე, არაღიარების პოლიტიკა უცვლელ პრიორიტეტად რჩება“. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გლობალურ საერთაშორისო სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებები მიმდინარეობს, რასაც, როგორც თავად ამბობს, ხელისუფლება წარმატებით უმკლავდება:
„შევძელით, ჩვენი პრინციპული პოზიციით, ეროვნული ინტერესების დაცვა და ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი დღევანდელი მშვიდობა არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია…
ამგვარი გარდაქმნების პირობებში, კომპლექსურ რეგიონში მდებარე ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რაციონალურ და პრაგმატულ პოლიტიკაზე დაფუძნებულ საერთაშორისო ურთიერთობებს. ამ საკითხში, გადამწყვეტია ჩვენი დიპლომატების როლი…“
პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების „ამოსავალ წერტილად რჩება რეგიონული და გლობალური მშვიდობის განმტკიცება და თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებული ღია დიალოგი“:
„ჩვენი გზავნილი ერთმნიშვნელოვანია, საქართველო არასდროს დათმობს სუვერენიტეტს და არჩევანს იყოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელმწიფო. ეს არის ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობა და ჩვენი სახელმწიფოს არსებობის საფუძველი“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ქვეყნის მთავრობამ აირჩია სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც „იყო გააზრებული, სახელმწიფოებრივი არჩევანი“ და ამ პოლიტიკამ, პარლამენტის სპიკერის თქმით, „ქვეყანა ყველაზე სახიფათო ეტაპზე გადაარჩინა“.
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „საქართველოს გარშემო განვითარებული მოვლენები არა შიდა პროცესების შედეგი, არამედ რეგიონული და გლობალური დაპირისპირების პროექცია იყო“:
„აღარ არსებობს ისტორიის ნათელი და ბნელი მხარე, გეოპოლიტიკური კეთილისა და ბოროტის მარტივი დაპირისპირება, ერთი ცივილიზაციის მეორეზე ჰეგემონია. სანაცვლოდ არსებობს გლობალური დაპირისპირება, კონკურენტი ზესახელმწიფოები და დომინირების სურვილი. იკვეთება ახალი, მრავალპოლუსიანი მსოფლიოს კონტურები, სადაც არც ერთ მოთამაშეს არ გააჩნია აბსოლუტური მორალური მონოპოლია…“
ელჩების ყოველწლიური კონფერენცია 25 დეკემბერს დასრულდება.

