კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა – ამით მისი შვიდთვიანი პატიმრობა დასრულდა.
პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ბრალდებით დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს საპატიმრო დაწესებულება დათქმულ დროზე ადრე, დილით 8 საათზე დაატოვებინეს.
ვიდრე ზურაბ ჯაფარიძის ოჯახის წევრები და მხარდაჭერები რუსთავის ციხესთან მისასვლელად ემზადებოდნენ, მოულოდნელად გაიგეს, რომ ის უკვე სახლისკენ მიმავალ გზაზე იყო.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს „მსჯავრდადებულის წინასწარ ინფორმირებას ან/და მასთან რაიმე სახით შეთანხმებას, გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ“.
საპატიმრო დაწესებულების დატოვების მიუხედავად, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ „თავისუფლებაზე ყოფნის მცირე დრო ეფექტურად არის გამოსაყენებელი“.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ამ განცხადების მიზეზი არის საქართველოს პროკურატურის მიერ 6 ნოემბერს დაწყებული ახალი გამოძიება.
საქართველოს პროკურატურა რვა ოპოზიციონერ ლიდერს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საბოტაჟსა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას ან მხარდაჭერას ედავება, რაც მრავალწლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიების ვერსიით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ თბილისში დაწყებული საპროტესტო აქციები, რომლებსაც საპოლიციო ძალებთან შეტაკებები მოჰყვა, მათი ორგანიზებული იყო.
ბრალდებულთა შორის არიან კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები – ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძეც, თუმცა მათ წინააღმდეგ პროკურატურა გირაოს გამოყენებას მოითხოვს. უწყებას საქმეები სასამართლოსთვის განსახილველად ჯერ არ გადაუცია.
„ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ბრალდებით, ოპოზიციონერ ლიდერთა უმრავლესობა კვლავ საპატიმროში რჩება.
ზურაბ ჯაფარიძე დაკავებულებს შორის პირველივე აღმოჩნდა – მიმდინარე წლის 22 მაისს მას ბორკილები თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დაადეს.
პატიმრობის ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე ოპოზიციონერმა ლიდერმა უარი თქვა კანონით გათვალისწინებული პროცედურით სარგებლობაზე, ანუ ვადაზე ადრე გათავისუფლების შესაძლებლობაზე.
მანამდე კი პოლიტიკოსმა უარი თქვა პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვაზე.
დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის დაკავებულთაგან მხოლოდ ორმა – მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დატოვა საპატიმრო პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების საფუძველზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს.

