ბრიუსელში ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. ევროპული საბჭოს სამიტზე 27 წევრი სახელმწიფოს სტრატეგიული დისკუსიის მთავარი საკითხი უკრაინაა. ქვეყნის საჭიროებები 2026-2027 წლებისთვის უკვე განსაზღვრულია. მაგიდაზე კი ორი ვარიანტია.
„ორი წინადადება წარმოვადგინე ამ დაფინანსებისთვის – ერთი გზა დაფინანსებაა ევროკავშირის ბიუჯეტით, ბიუჯეტზე დაყრდნობილი სესხის აღებით, მეორე შესაძლებლობა კი, რეპარაციების სესხია“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამიტის დაწყებამდე მედიასთან საუბრისას.
გასულ კვირას ევროკავშირმა წევრ ქვეყნებში შენახული 210 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო. ევროპაში გაყინული რუსული აქტივების უდიდესი ნაწილი – 193 მილიარდი ევრო სექტემბრის მდგომარეობით ბელგიურ Euroclear-ში ინახება.
ბელგია ამ თანხის გამოყენებისგან თავს იკავებს, რადგან შიშობს, რომ ქვეყანა შედეგების წინაშე შესაძლოა მარტო აღმოჩნდეს. ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ბარტ დე ვევერის, პოზიციას გასულ კვირას მხარი დაუჭირეს იტალიამ, ბულგარეთმა და მალტამ. ამასთან, ინიციატივის მოწინააღმდეგეებად რჩებიან უნგრეთი და სლოვაკეთი. ამ საკითხის გადაწყვეტას ევროკავშირის ლიდერები ევროპული საბჭოს მიმდინარე სამიტზე გეგმავენ.
„ეს ევროპული საბჭო გადამწყვეტ დროს იმართება. ჩვენ ერთი უმთავრესი მიზანი გვაქვს – მშვიდობა უკრაინისთვის, ძალით გამტკიცებული მშვიდობა. ამისთვის უკრაინას სჭირდება გარანტირებული დაფინანსება მომდევნო ორი – 2026 და 2027 წლებისთვის. კარგია, რომ ევროპულმა საბჭომ აიღო ვალდებულება, რომ უკრაინის დაფინანსების დეფიციტს მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჩვენ შევავსებთ. საუბარია 137 მილიარდ ევროზე, რომელიც საჭიროა. ეს არის როგორც ჩვენი საკუთარი, ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, დავფაროთ ამ თანხის ორი მესამედი – 90 მილიარდი ევრო. მე წარმოვადგინე ორი წინადადება, ორი ვარიანტი ამ დაფინანსებისთვის. ერთი ვარიანტია დაფინანსება ევროკავშირის ბიუჯეტით, ბიუჯეტზე დაყრდნობილი სესხის აღებით. მეორე შესაძლებლობაა რეპარაციების სესხი. შესაბამისად, დღეს გვექნება განხილვა იმის თაობაზე, რომელს ავირჩევთ ამ ორიდან. ეს ინტენსიური დისკუსიები იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ დღის ბოლოს უკრაინისთვის მომდევნო ორი წლის დაფინანსება უზრუნველყოფილი იყოს.
ბელგიის მიერ გამოხატული შეშფოთების მესმის. ჩვენ ბელგიასთან ერთად დღე და ღამე ვმუშაობთ და მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს მისი პირადი ჩართულობისთვის. ეს სრულიად გასაგებია და მე ამას მხარს ვუჭერ: თუ ჩვენ ავირჩევთ რეპარაციების სესხს, რისკი ყველაზე უნდა განაწილდეს. ეს სოლიდარობის საკითხია – ევროპული კავშირის ძირითადი პრინციპი.
დღეს გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. საბჭოს პრეზიდენტმა თქვა, და მე ამას სრულად ვუჭერ მხარს, რომ შეხვედრა მომდევნო ორი წლისთვის უკრაინის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების გარეშე არ დასრულდება. ორი ვარიანტი არსებობს და ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად უნდა შეთანხმდეს ევროპულ საბჭოში“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
„ძალიან ინტენსიური შეხვედრა გველის. ბევრი საკითხია განსახილველი – პირველ რიგში კი, რა თქმა უნდა, უკრაინა. ჩვენ ვხედავთ მშვიდობის ძლიერ სურვილს, თუმცა იგი ცალმხრივია. რუსეთის მხრიდან არ გვინახავს არანაირი მზადყოფნა, რომ წინ გადადგას ნაბიჯი ან სერიოზულად ისაუბროს მშვიდობაზე. მათ საშობაოდ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტაზეც კი უარი თქვს. ამიტომ ცხადია, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გავზარდოთ, რათა ისინი მორჩვენებითი მოლაპარაკებებიდან რეალურზე გადავიდნენ და მართლაც დასხდნენ მაგიდასთან.
რა თქმა უნდა, დისკუსიები გვექნება რეპარაციულ სესხზეც. წინადადებები, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობდით, ბელკიის შეშფოთებასაც ითვალისწინებს. ვფიქრობ, საკანონმდებლო წინადადების არჩევა ნიშნავს, რომ რისკს ყველა ერთად ვიღებთ. ეს ევროპული წინადადებაა და, შესაბამისად, რისკები და ტვირთი თანაბრად ნაწილდება. მიმაჩნია, რომ ბელგიის მიერ წამოჭრილი საკითხები გავითვალისწინეთ, ამიტომ იმედი მაქვს, რომ საბოლოო ეტაპს მივაღწევთ. პუტინი ჩვენს წარუმატებლობაზე ამყარებს იმედს. მას ეს არ უნდა მივცეთ”, – ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა.
„მთელი ეს იდეა სისულელეა“, – ასეთია უნგრეთის პრემიერ მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოზიცია რეპარაციულ სესხთან დაკავშირებით.
„ომში ორი ქვეყანაა. ეს არ არის ევროკავშირი, რუსეთი და უკრაინაა. ვიღაცას – ევროკავშირს – სურს ერთ-ერთი მხარეს ფული ჩამოართვას და მეორეს გადასცეს. ეს ომში ჩართვისკენ ნაბიჯია. ამიტომ, ბელგიის პრემიერ-მინისტრი მართალია. ეს არ უნდა გავაკეთოთ”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

სამიტის ფარგლებში გაყინული რუსული აქტივების საკითხზე ბელგიის პრემიერ-მინისტრს უკვე ესაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ბარტ დე ვევერთან კარგი საუბარი ჰქონდა და რომ ლიდერებს ერთმანეთის ესმით.
„მე არ ვისურვებდი ლიდერების სახელით საუბარს იმაზე, თუ რა ფორმით არის დახმარება შესაძლებელი. ჩვენ გვესმის, რომ ლიდერების უმრავლესობა რეპარაციები სესხსემხრობა, თუმცა არსებობენ ლიდერები, რომლებიც სხვა ინსტრუმენტებს უჭერენ მხარს. მე ვერ ვისაუბრებ ლიდერების სახელით იმაზე, თუ როგორი იქნება დღეს ან სხვა დღეს მიღებული გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ერთ საკითხში ჩვენ ერთიანები ვართ – ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ამ დღეებში უკრაინა უპასუხოდ დავტოვოთ მომავალი წლის ფინანსური შესაძლებლობების საკითხზე, რადგან ეს ნამდვილად წარმოადგენს საფრთხეს. რა საფრთხეზეა საუბარი? მინიმუმ 45–50 მილიარდი ევროს დეფიციტზე. ეს დეფიციტი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ წელს. ვსაუბრობთ მაქსიმუმის გაკეთებაზე, რათა ომი უახლოეს მომავალში დასრულდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენი ყველა ძალისხმევა მიმართულია ომის დიპლომატიური გზით დასრულებისკენ. თუმცა, ამავე დროს, ჩვენ ვისმენთ სხვა სიგნალებსაც სხვადასხვა მხრიდან. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ გზავნილები – მე ამას ხმებს დავარქმევდი – რუსეთის მხრიდან, რომლებიც ახლა ომზე უფრო საუბრობენ, ვიდრე მშვიდობაზე. სწორედ ამიტომ უნდა იყოს უკრაინა ძლიერი. საქმე მხოლოდ 45–50 მილიარდ ევროს არ ეხება. ასეთი დეფიციტი მხოლოდ ფრონტის ხაზის საკითხი არ არის. ეს მთლიანად ეხება უკრაინის შესაძლებლობას, რომ იბრძოლოს. ეს უკრაინისთვის ძალიან მაღალი რისკებია. ამიტომ მიხარია, რომ დღეს მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა და უკრაინიდან მნიშვნელოვანი გზავნილები გადმომეცა. ეს იყო ჩვენი საუბრის ერთი ნაწილი. საუბრის მეორე ნაწილი ეხებოდა დიპლომატიურ დისკუსიებს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან. იმედი მაქვს, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება დადებითი იქნება.
მესმის ის რისკები, რომლებზეც ბელგიის პრემიერ-მინისტრი საუბრობს. მაგრამ ჩვენ ომში ვართ და ვფიქრობ, კიდევ უფრო დიდ რისკებს ვუპირისპირდებით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ევროკავშირის საბჭოს შეკრება 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება და ხვალ, 19 დეკემბერს დასრულდება.


