მთავარიმსოფლიოაფრიკაგაუპატიურება, ძალადობა, მკვლელობა - რუსი სამხედროების დანაშაული აფრიკაში

გაუპატიურება, ძალადობა, მკვლელობა – რუსი სამხედროების დანაშაული აფრიკაში

ლტოლვილთა ბანაკ მავრიტანიაში მალიდან გაქცეული ადამიანები რუსეთის ახალი სამხედრო დანაყოფის – „აფრიკის კორპუსის” მიერ ჩადენილ საზარელ დანაშაულზე ჰყვებიან.

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, რომელიც მალის, ბურკინა-ფასოსა და ნიგერის სამხედრო მთავრობებს დასავლეთ აფრიკის საჰელის რეგიონში „ალ-ქაიდასა“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულთა წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა, „აფრიკის კორპუსმა“ მიმდინარე წელს ჩაანაცვლა.

ეს რეგიონი ახლა ექსტრემიზმის მხრივ მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი ადგილია.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანახმად, ძალადობა ყველა მხრიდან მოდის, თუმცა ახლა ახალი „აფრიკის კორპუსის“ წინააღმდეგ ბრალდებებია.

Associated Press მალის მეზობელ მავრიტანიაში ამ ბანაკსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 34 ლტოლვილს ესაუბრა. სხვა მძიმე დანაშაულთან ერთად ისინი მედიას გაუპატიურებისა და თავის მოკვეთის საზარელ ამბებს უყვებიან.

„საველე ჰოსპიტალში უძრავად იწვა – თვალები გაშეშებული ჰქონდა. სამედიცინო პერსონალი ჩქარობდა, რადგან ეს მისი სიცოცხლის გადასარჩენად ბოლო მომენტი იყო“, – ამბობს ექიმი 14 წლის გოგონაზე.

ოჯახის წევრები ჰყვებიან, რომ გოგონა რუსმა მებრძოლებმა გააუპატიურეს. მათვე თავი მოჰკვეთეს ბავშვის ბიძას.

„როცა მოვიდნენ, გოგონა სახლში შეიყვანეს. შეშინებულები ვიყავით, რადგან გვეგონა, რომ მის შემდეგ ყველას დაგვხოცავდნენ.

მასთან ერთად სახლში 30 წუთის განმავლობაში იყვნენ. ახალგაზრდა კაცი კი ჩვენგან განცალკევებით ჰყავდათ. გოგონას სცემეს. მათი ძალიან ეშინოდა და ტირილი დაიწყო. ტიროდა, სანამ ბოლოს ჩვენ არ დაგვიბრუნეს. შემდეგ ახალგაზრდა კაცი წაიყვანეს და წავიდნენ“, – ამბობს 14 წლის გოგონას დეიდა.

ეს ადამიანები არიან იმ ათასობით ლტოლვილს შორის, რომლებიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც „ალ-ქაიდასთან” დაკავშირებულმა მებრძოლებმა მალიში საწვავის ბლოკადა დააწესეს, ჩრდილოეთ მალიდან ძალადობას მავრიტანიაში გაექცნენ.

ექსპერტები ამბობენ, „აფრიკის კორპუსის“, როგორც რუსეთის სამხედრო დანაყოფის, ქმედებებზე რუსეთის ხელისუფლებას პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება.

მალის ხელისუფლებას საჯაროდ არასოდეს უღიარებია არც „ვაგნერის“ და არც „აფრიკის კორპუსის“  ქვეყანაში ყოფნა. თუმცა ბოლო კვირებში რუსულმა სახელმწიფო მედიამ მალიდან გამოაქვეყნა არაერთი მასალა, რომლებშიც  „აფრიკის კორპუსს“ „ტერორისტებისგან“ ქვეყნის დაცვისთვის აქებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებთან დაკავშირებით Associated Press-ის კითხვებს არ პასუხობს.

გაეროს თანახმად, ათწლეულზე მეტია, მალიში მიმდინარე კონფლიქტში სექსუალური ძალადობის შემთხვევები ხშირია და ამაში ყველა მხარეა დამნაშავე.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ჰუმანიტარული მუშაკების თქმით, ამ დანაშაულის აღრიცხვა, შურისძიების შიშით სამედიცინო დახმარებაზე შეზღუდული წვდომისა და სექსუალური ძალადობის ირგვლივ არსებული სტიგმის გამო შესაბამისად ვერ ხერხდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები, რომლებიც მალიდან აქ თავშესაფრის საძიებლად გამორბიან, შესაძლოა იმავე მდგომარეობაში იყვნენ, თუმცა ისინი ექიმებს დაუყოვნებლივ არ მიმართავენ – მხოლოდ მაშინ მოდიან, როცა მდგომარეობა უკვე გართულებულია, როგორც დღევანდელ შემთხვევაში. შესაძლოა ბევრად მეტი გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ისინი  ამის საიდუმლოდ დატოვებას ამჯობინებენ.

ისინი მხოლოდ მაშინ მოდიან, როცა მდგომარეობა უკვე გართულებულია, როგორც დღეს ნანახი 14 წლის გოგონას შემთხვევაში“, – ამბობს ბეთსაბე ელიჯე, ორგანიზაციიდან „ექიმები საზღვრებს გარეშე“.

გაერომ აქამდე „ვაგნერიც“ და მალის არმიაც დაადანაშაულა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ ომის დანაშაულში, მათ შორის მასობრივ მკვლელობასა და გაუპატიურებაში.

„მალიში უამრავი დანაშაული ხდება და ადამიანის უფლებები ირღვევა. ბევრი გააუპატიურეს, თავს დაესხნენ და მოკლეს. ოჯახები დაყოფილია. ვფიქრობ, ვითარება არ შეცვლილა. ზოგჯერ ძალიან რთულია, ზუსტად დადგინდეს, ვინ არიან დამნაშავეები“, – ამბობს სუკრუ ჯანსიზოღლუ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი მავრიტანიაში.

„ეს ადამიანები ჩვენთან საუბარსაც კი არ ცდილობენ. როგორც კი ვინმეს შეხვდებიან, კლავენ – იქნება ეს მწყემსი, ფეხით მოსიარულე თუ ადამიანი, რომელიც უბრალოდ საკვებს ეძებს“, – ამბობს მავრიტანიის ერთ-ერთი სოფლის უხუცესი.

ექსპერტების თქმით, შეუძლებელია იმის დადგენა, რამდენი ადამიანი იღუპება და განიცდის ძალადობას მალიში – განსაკუთრებით შორეულ რეგიონებში, მაშინ როცა ჟურნალისტებსა და ჰუმანიტარულ მუშაკებს ქვეყანაში წვდომა სულ უფრო მეტად ეზღუდებათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend