მთავარიევროპაიტალიარომის ისტორიულ ცენტრში საზეიმოდ განათდა მთავარი ნაძვის ხე

რომის ისტორიულ ცენტრში საზეიმოდ განათდა მთავარი ნაძვის ხე

რომში შობის დღესასწაული წელს განსაკუთრებით თბილი და ემოციური განწყობით დაიწყო. ისტორიულ ცენტრში საზეიმოდ ჩაირთო საშობაო განათება, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე  – პიაცა დელ-პოპოლოზე კი ქალაქის მერმა რობერტო გუალტიერიმ მთავარი ნაძვის ხე გაანათა.

20 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე, რომელიც 100 ათასზე მეტი ნათურით არის გაფორმებული, რომის გულში სანათივით აკიაფდა და ქალაქს განსაკუთრებული დღესასწაულის ხიბლი შემატა. ღონისძიებას ათასობით მოქალაქე და ტურისტი დაესწრო.

მოედანზე შეკრებილთა თქმით, ეს საღამო მხოლოდ დეკორაციების ზეიმი არ იყო. ბევრისთვის შობა მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლოდ იქცა.

„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროში, როცა მთელ მსოფლიოში მშვიდობისკენ ძლიერი მოწოდებაა. იმედი გვაქვს, რომ ეს მომენტი ისეთივე იქნება, როგორიც მოედანზე განვიცადეთ. ეს იყო  ბავშვების ხმებით სავსე წამი. ახლა, ნაძვის ხის განათებასთან ერთად, განვიცდით  სიხარულისა და ბედნიერების წუთებს. მჯერა, რომ ეს  მოედანზე შეკრებილ ადამიანებს და, შესაბამისად, მთელ მსოფლიოსაც, მოუტანს სიხარულსა და ბედნიერებას“, – ამბობს საშობაო განათების ჩართვის ცერემონიაზე მყოფი ვალერია ასჩიონე.

„ეს სინაზის, მშვიდობისა და ერთიანობის შეგრძნებაა, რადგან აქ, ამ მოედანზე, შევიკრიბეთ მთელი მსოფლიოდან, აქ არიან სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები, ყველანი  ერთად ვდგავართ, რაც გვახსენებს, რომ შეიძლება ერთად თანაცხოვრება. არ არის საჭირო ბრძოლა ან კონფლიქტი. ეს ყველაფერი იმედის განცდას მაძლევს“, – ამბობს რომში მცხოვრები ჯუზეპე მარაცო.

„გვჯერა, რომ მსოფლიოში არსებული განსაკუთრებით რთული ვითარების ფონზე, ეს ნაძვის ხე და მისი თბილი ნათება ნამდვილად მოიტანს სიმშვიდესა და სიწყნარეს. იმედი გვაქვს, საღი აზრი გაიმარჯვებს და მიაღწევს მსოფლიო ლიდერებამდე და მოიტანს მშვიდობას, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება, რადგან უკვე მრავალი წელია, მდგომარეობა უკიდურესად რთულია“, – ამბობს საშობაო განათებების ჩართვის ცერემონიაზე მყოფი ჯემა აგოვინო.

საშობაო განათებით გაბრწყინებული რომი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ტრადიცია, სულიერება და ადამიანური სითბო ყველასთვის მნიშვნელოვანია.

უახლესი

სხვა ამბები

ქართული სპორტი 2025

spot_imgspot_img
Send this to a friend