მთავარიმსოფლიოევროპაიტალიაში საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა

იტალიაში საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის უდიდეს ნაწილში დღეიდან კვლავ საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება. კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების შედეგად შესაძლოა, კარანტინი დაწესდეს საფრანგეთში, ილ-დე-ფრანსის  რეგიონშიც, სადაც უკვე გადატვირთული საავადმყოფოებიდან პაციენტები სხვადასხვა რეგიონში გადაჰყავთ. ირლანდიაში კი დროებით შეაჩერეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება.

ირლანდია უკანასკნელია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ოქსფორდის უნივერსიტეტისა და  „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს რაც, ნორვეგიის წამლის სააგენტოს კვლევის მიხედვით, 4 ადამიანს ვაქცინის გაკეთების შემდეგ სისხლის შედედების პრობლემები შეექმნა. დროებით შეაჩერეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება დანიასა და ფინეთშიც.

ირლანდიის ჯანდაცვის მინისტრი მომხდარ ფაქტს ტვიტერზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს  მხოლოდ პრევენციული ნაბიჯია და ირლანდიაში არ გამოვლენილა ვაქცინის მიღების შემდეგ თრომბის გაჩენის შემთხვევა. კომპანია „ასტრაზენეკაში“ კი აცხადებენ, რომ არ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ თრომბების გაჩენა ვაქცინის გაკეთებას უკავშირდება.

ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანონ გებრეისუსმა საზოგადოებას გააცნო ევროპის წამლის სააგენტოს განცხადება, რომლის მიხედვით, თრომბების წარმოქმნა ვაქცინაციასთან არ არის დაკავშირებული. ჯანმოს გენერალურ დირექტორს მიაჩნია, რომ ვაქცინის გამოყენება  გამოძიების პერიოდშიც შესაძლებელია.

ევროკავშირში კი განიხილავენ, რამდენად ხელმისაწვდომია ყველასთვის „ასტრაზენეკას“ ვაქცინა. კომპანიაში მიწოდებასთან დაკავშირებით გარკვეული შეფერხებაა. ევროკავშირი კი მოითხოვს, კომპანიის წარმომადგენლებმა სწრაფად გამართონ მოლაპარაკებები და ვაქცინის დოზების თანაბარი და სამართლიანი განაწილება უზრუნველყონ.

საფრანგეთში კი, კერძოდ, პარიზის რეგიონში, როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო შესაძლოა, მორიგი კარანტინი დაწესდეს. სპეციალური სამედიცინო თვითმფრინავებით პაციენტები პარიზის რეგიონიდან სხვა უფრო ნაკლებად გადატვირთულ რეგიონებსა თუ საავადმყოფოებში გადაჰყვათ. საფრანგეთის მთავრობის სპიკერი გაბრიელ ატალი ორლის აეროპორტში 2 პაციენტის გადაყვანას დაესწრო. მისი განცხადებით, ილ-დე ფრანსის რეგიონში შემაშფოთებელი ვითარებაა და ამიტომ გეგმავენ, გაცილებით მეტი ადამიანის გაგზავნა უზრუნველყონ. გაბრიელ ატალის თქმით, გასულ უქმეებზე უპრეცედენტო მობილიზაცია ჰქონდათ, გაფართოვდა ვაქცინაციის პროცესიც. მათი სურვილია, საფრანგეთის უფრო მეტი მოქალაქე აიცრას.

იტალიაში კი თავისუფლების ბოლო საათებით ტკბებიან, რადგან 15 მარტიდან ქვეყნის უდიდეს ნაწილში მორიგი კარანტინი ამოქმედდება. იტალიის მთავრობაში იმედოვნებენ, რომ ახალი შეზღუდვები გაზაფხულის მეორე ნახევრიდან ვითარებას გააუმჯობესებს და შესაძლებელი იქნება რეგულაციების შემსუბუქება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend