უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ჩავიდა.
ამ თანამდებობაზე ყოფნის ფარგლებში, ის უკვე მეთოთხმეტედ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. კრემლში მხარეთა განსახილველ საკითხებს შორის იყო უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია და ბუდაპეშტსა და მოსკოვს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოხარული იქნება, თუკი რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ბუდაპეშტში გაიმართება:
„გმადლობთ, რომ ასეთ დიდ ყურადღებას აქცევთ თქვენს ქვეყანაში ჩემსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრის შესაძლებლობას. ეს იყო დონალდის შემოთავაზება. მან მაშინვე თქვა: ჩვენც და თქვენც გვაქვს კარგი ურთიერთობები უნგრეთთან, ამიტომ ამ ვარიანტს გთავაზობთ. რა თქმა უნდა, ჩვენ სიამოვნებით დავთანხმდით ამ შემოთავაზებას”.
თავის მხრივ, ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ მზად არის ამ პროცესს ხელი შეუწყოს. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, არსებული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, უფრო მეტად გააძლიერონ თანამშრომლობა, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში.
ევროკავშირის რეგულაციების მიუხედავად, უნგრეთი მაინც განაგრძობს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის შესყიდვას:
„უკრაინა უნგრეთის მეზობელია, ამიტომ ეს ომი ჩვენზე ძალიან მოქმედებს. მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანაკლისს განვიცდით. სამხედრო ოპერაცია ზღუდავს ეკონომიკის ზრდას მთელ ევროპაში, მათ შორის ჩვენს სახელმწიფოშიც.
გავიმეორებ იმას, რასაც წინა შეხვედრებზეც ვამბობდი: უნგრეთი დაინტერესებულია მშვიდობით. ვიმედოვნებთ, რომ წარმოდგენილი სამშვიდობო წინადადებები მიგვიყვანს ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისკენ…
როგორც ბატონი პრეზიდენტისთვის არის ცნობილი, ჩვენ სისრულეში მოგვყავს საგარეო პოლიტიკის სუვერენული კურსი. რუსული მიმართულებით ჩვენ ჩვენს შეხედულებებში თანმიმდევრულნი ვართ. ჩვენ სხვადასხვა სფეროში გვაკავშირებს თანამშრომლობა – ჩვენ არ მოვექეცით საერთაშორისო წნეხის ქვეშ და არ შევწყვიტეთ ურთიერთთანამშრომლობა არც ერთ მნიშვნელოვან სფეროში.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ უნგრეთის ენერგოუსაფრთხოების საფუძველი არის რუსული ენერგომატარებლების სტაბილური მიწოდება როგორც წარსულში, ისე ახლა და მომავალშიც. დიდად ვაფასებთ რუსული ენერგეტიკით ჩვენ სტაბილურად მომარაგებას…“
კრემლში გამართულ შეხვედრას რუსული დელეგაციის სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ, მათ შორის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი და ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი. მოსკოვში ჩავიდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც.
ვიქტორ ორბანის ხელისუფლება ევროპული ქვეყნების მთავრობების იმ მცირერიცხოვან სიას განეკუთვნება, რომელიც უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, ცდილობს, არ გაწყვიტოს პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირები მოსკოვთან.
ამასთან, ბუდაპეშტი ხშირად აკრიტიკებს კიევის პოლიტიკასა და პირადად უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. უკრაინასთან დაკავშირებით ვიქტორ ორბანის ხელისუფლების პოზიცია ხშირად დავის საგანია უნგრეთსა და ევროპელ ლიდერებს შორის.

