ჰონკონგში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის საქმეზე, რომელსაც ბოლო ცნობებით 65 მოქალაქე ემსხვერპლა ახლა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მეხანძრეები ორი დღის განმავლობაში ებრძოდნენ საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ ხანძარს, რომელიც ქალაქის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ სტიქიად იქცა.
ჰონგ კონგის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე 51 ცხედარი აღმოაჩინეს, ხოლო ოთხი მოგვიანებთ მძიმე დაზიანებების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაღუპულთაგან ერთ-ერთი მეხანძრე იყო.

ოფიციალური პირების განცხადებით დღის განმავლობაში ოთხ შენობაში ხანძარი წარმატებით ჩამქრალია, ხოლო დარჩენილი სამი კონტროლს ექვემდებარება.
პოლიციამ გულგრილობის ბრალდებით დააკავა სარემონტო სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის სამი წარმომადგენელი. პოლიციის თანახმად, სახლების გარშემო დადგმული ბამბუკის ხარაჩოები ცეცხლგამძლე არ იყო, რამაც ხელი შეუწყო ხანძრის სწრაფად გავრცელებას.
ხანძრის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ასევე სახელდება პოლისტიროლი, მარტივად აალებადი პლასტიკური მასალა, რომელსაც სამშენებლო სექტორში იყენებენ.
„ხანძრის ჩაქრობის დროს სახანძრო სამსახურმა აღმოაჩინა, რომ შენობის ფასადები დაფარული იყო დამცავი ბადეებით, პლასტმასის მემბრანებით, წყალგაუმტარი ბრეზენტით და სხვა მასალებით, რომლებიც, სავარაუდოდ, არ აკმაყოფილებდა ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სტანდარტებს. ამასობაში, გამოძიებამ აჩვენა, რომ კიდევ ერთ შენობაში, რომელიც ხანძრისგან არ დაზიანებულა, ლიფტის დარბაზებში ფანჯრები დალუქული იყო ქაფის საიზოლაციო პანელებით. არ გამოვრიცხავთ იმ შესაძლებლობას, რომ ამ მასალებმა ხელი შეუწყო ხანძრის სწრაფ გავრცელებას“, – განაცხადა ჰონ-კონგის პოლიციის მაღალჩინოსანმა, ჩუნგ ლაი იი.

„პოლიციამ და სახანძრო სამსახურებმა შექმნეს სპეციალური სამუშაო ჯგუფი ყოვლისმომცველი გამოძიების ჩასატარებლად. ეს საქმე აუცილებლად გადაეცემა სასამართლოს“, – თქვა ჯონ ლიმ, ჰონკონგის გენერალურმა დირექტორმა.
ცეცხლი ოთხშაბათს 32-სართულიანი შენობის გარე საყრდენებზე გაჩნდა, შემდეგ კი ბამბუკის ხარაჩოებსა და სამშენებლო ბადეზე გავრცელდა, შენობის შიგნით შეიჭრა და შემდეგ სხვა შენობებზეც გავრცელდა, სავარაუდოდ ქარიანი ამინდის გამო.
ბამბუკის საყრდენები ხშირად გამოიყენება ჰონგ კონგში შენობების მშენებლობისა და რემონტისას, თუმცა წლის დასაწყისში ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უსაფრთხოების პრობლემების გამო ეტაპობრივად დაიწყებს მათი გამოყენების შეზღუდვას.
საცხოვრებელი კომპლექსი რვა შენობას აერთიანებდა, თითქმის 2000 ბინით, სადაც დაახლოებით 4800 ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის ბევრი ხანდაზმული. კომპლექსი 1980-იან წლებში აშენდა და მას კაპიტალური რემონტი უტარდებოდა.

დაახლოებით 900 ადამიანი ღამის განმავლობაში დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს, ხოლო ჰონგ კონგის ლიდერმა ჯონ ლიმ შუაღამისას განაცხადა, რომ 279 ადამიანთან კონტაქტი დაკარგულია.
ჰონკონგის მმართველის თქმით ქალაქის მასშტაბით ყველა იმ საცხოვრებელ კომპლექსს ჩაუტარდება დაუყოვნებლივი შემოწმება, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რათა დარწმუნდნენ, რომ საყრდენები და სამშენებლო მასალები უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს.
ეს ხანძარი ჰონ-კონგში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მომაკვდინებელი იყო. 1996 წლის ნოემბერში კოულუნში, კომერციულ შენობაში გაჩენილ ხანძარს, რომელიც დაახლოებით 20 საათს გაგრძელდა, 41 ადამიანი ემსხვერპლა.

