უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების გამო, შვედეთი მნიშვნელოვან მოდერნიზაციას გეგმავს სამხედრო საზღვაო ძალებში. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების შემდეგ, სტოკჰოლმი ამტკიცებს ევროპელ პარტნიორებთან სამხედრო კავშირს.
მომავალი წლის დასაწყისში ქვეყანა საფრანგეთიდან ოთხ თანამედროვე ფრეგატს მიიღებს, თავის მხრივ, საფრანგეთიც დაინტერესებულია შვედური სამხედრო ქარხნის Saab-ის მიერ შექმნილი ადრეული გაფრთხილებისა და მართვის თვითმფრინავით.
საფრანგეთიც და შვედეთიც სამხედრო ინდუსტრიის უფრო მეტად გაძლიერებაზე ამახვილებენ ყურადღებას.
„ვფიქრობ, შვედეთსა და საფრანგეთს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ, როდესაც საქმე თავდაცვის ინდუსტრიულ წარმოებას ეხება. ჩვენ ვართ ევროპის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ, დაამზადონ ყველაფერი: წყალქვეშა ნავები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, საარტილერიო სისტემები და მოიერიშე თვითმფრინავებიც კი. ეს არის ის, რაც გვაერთიანებს. მოხარული ვარ, რომ თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის კუთხით დიდ პროგრესს ვაღწევთ“, – ამბობს შვედეთის თავდაცვის მინისტრი, პოლ ჯონსონი.
შვედ კოლეგასთან საუბრის შემდეგ კი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი კეტრინ ვოტრინმა აღნიშნა:
„თქვენ სავსებით სამართლიანად ისაუბრეთ ინდუსტრიული ბაზის შესახებ, რადგან ჩვენს ორივე ქვეყანას აქვს მყარი თავდაცვის ინდუსტრია. ინდუსტრია, რომელიც ჩვენს ტერიტორიებზეა, სადაც საერთო ინტერესები გვაქვს… ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი სამრეწველო თანამშრომლობის განვითარება. რა თქმა უნდა, ვფიქრობ საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საზღვაო სექტორზეც.“
შვედეთის თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე დაახლოებით 7 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2022 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა და 2025 წლისთვის თითქმის გასამმაგდა. მომდევნო 2026 წელს კი, ოფიციალური მონაცემებით, სტოკჰოლმი თავდაცვის ხარჯებს დაახლოებით 2.87 მილიარდი დოლარით გაზრდის. იგეგმება საჰაერო და ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერება. შვედეთი სამხედრო შესაძლებლობების განვითარების თალსაზრისით საფრანგეთთან აქტიურად თანამშრომლობს.
„ჩვენი მიზანია ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის ჩრდილოეთ ფლანგზე. გარდა ამისა, ვიცი, რომ თქვენ ესტონეთთან ერთად ბევრს აკეთებთ ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, მათ შორის ბალტიის ზღვაში. დასასრულს, მინდა ვთქვა, რომ ვისაუბრეთ როგორც ჩვენი თანამშრომლობის, ისე უკრაინის მხარდაჭერის საკითხებზე“, – ამბობს შვედეთის თავდაცვის მინისტრი, პოლ ჯონსონი.
შვედეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი 2024 წლის მარტიდანაა. ნატოში ინტეგრაციის შემდეგ ეს სკანდინავიური ქვეყანა მოკავშირე ქვეყნებთან ერთად სამხედრო მანევრებში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთო.

