მთავარიევროპაბულგარეთიბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ათასობით მოქალაქემ მომავალი წლის ბიუჯეტი გააპროტესტა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ათასობით მოქალაქემ მომავალი წლის ბიუჯეტი გააპროტესტა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას ქუჩებში ათასობით მომიტინგე გამოვიდა და გააპროტესტა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებულია გადასახადებისა და მთავრობის ხარჯების მკვეთრი ზრდა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას ცოცხალი ჯაჭვიც კი შემოავლეს, რასაც პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა. მნიშვნელოვან რისკებთან დაკავშირებით ექსპერტებისა და ეკონომისტების გაფრთხილების მიუხედავად, ბიუჯეტის პროექტი, სავარაუდოდ, მაინც დამტკიცდება, რადგან კოალიციურ მთავრობას პარლამენტში კომფორტული უმრავლესობა აქვს.

26 ნოემბერს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ისინი პარლამენტში საბოლოო კენჭისყრამდე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში შესატანი გადასახადების მკვეთრ ზრდას აპროტესტებდნენ.

ოპოზიციური კოალიციის „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებებს – დემოკრატიული ბულგარეთი“ ორგანიზებით გამართულ საპროტესტო აქციაზე, სავარაუდოდ, 20 000-ამდე მომიტინგე გამოვიდა.

პროტესტის პარალელურად ბალკანეთის ქვეყანა მომავალ წელს ევროზონაში გაწევრებისთვის ემზადება.

„ჩვენ ვაპროტესტებთ ამ ბიუჯეტს, რადგან ის სერიოზულ ზიანს აყენებს ბულგარელი მშრომელი მოსახლეობის დიდ ნაწილს – საშუალო კლასს. ეს მიუღებელია. მთავრობა რესურსებს მიმართავს სახელისუფლებო სტრუქტურებსა და ზედმეტად დიდ ადმინისტრაციაში, რომელსაც  სჭირდება ღრმა, სისტემური რეფორმა. 500,000-600,000 ადამიანი, ფაქტობრივად, მათი გარანტირებული ამომრჩევლის როლს ასრულებს. სასწრაფოდ საჭიროა მნიშვნელოვანი, შორსმიმავალი რეფორმები!“ – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, კოლიო კარასტოიანოვი.

დემონსტრანტები აპროტესტებენ  ბიუჯეტის ეკონომიკურ გავლენას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, ასევე სოციალური უზრუნველყოფის შენატანის გაზრდასა და დივიდენდების გადასახადის გაორმაგებას.

მომიტინგეებმა პარლამენტის შენობას ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს და დეპუტატების მანქანების შეფერხება სცადეს. ძალადობის თავიდან ასაცილებლად კი პოლიციის ჩარევა გახდა აუცილებელი.

პოლიციის ინფორმაციით, დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ბოთლები და ფეიერვერკები დაუშინეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.

„როდესაც პარლამენტი ისვენებს, 100 მილიარდ ევროზე მეტის განაწილება უბრალოდ სკანდალურია. კომიტეტის დარბაზში პარლამენტის წევრების ქცევაზე აღარაფერს ვამბობ. კომიტეტის თავმჯდომარის, დელიან დობრევის საქციელი აღმაშფოთებელი იყო – დარბაზში შეიარაღებული ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების შეყვანა კანონის დარღვევაა. საბედნიეროდ, მას დროულად შეაგნებინეს და თანამშრომლები გაიყვანეს. დებატები დაძაბული იყო, მაგრამ გადაწყვეტილებები წინასწარ იყო განსაზღვრული. მომიტინგეების – მცირე, საშუალო და მიკრობიზნესებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების სასარგებლოდ არაფერი დაამტკიცეს.  ყველაფერი უარყო აბსოლუტურმა უმრავლესობამ, რომელიც ამჟამად  პარლამენტში დომინირებს“, – აცხადებს აქციის მონაწილე, ვესისლავა ტანჩევა.

სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წინააღმდეგობისა და ეკონომისტების გაფრთხილებების მიუხედავად, რომ პროექტი მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს, ბიუჯეტი, სავარაუდოდ, დამტკიცდება, რადგან კოალიციურ მთავრობას პარლამენტში კომფორტული უმრავლესობა აქვს.

ბიუჯეტში მთავრობის ხარჯებზე მშპ-ის დიდი ნაწილი იქნება გათვალისწინებული.

თანხა ბიუჯეტში ძირითადად, ბიზნესებისა და მუშაკებისთვის გადასახადებისა და სახელმწიფო ვალის მკვეთრი ზრდის ხარჯზე შევა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend