44-მდე გაიზარდა ჰონგ-კონგში მაღალსართულიან შენობებზე ხანძრის გაჩენის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ხოლო 279 დაკარგულად მიიჩნევა. მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ ცეცხლმოკიდებული შენობიდან მცხოვრებთა გამოყვანას.
ცეცხლი ტაი პოს რაიონში მდებარე მაღალსართულიან შენობას გუშინ შუადღისას, 26 ნოემბერს, გაუჩნდა. საცხოვრებელ კომპლექსში დაახლოებით 2 000 ბინაა და 4800-მდე ადამიანი ცხოვრობს. შენობა 8 კორპუსისგან შედგება. ნაგებობა 1980-იან წლებში აშენდა, ახლახან იქ კაპიტალური რემონტი მიმდინარეობდა და კორპუსები ბამბუკის ხარაჩოებში იყო ჩასმული.
ჰონგ-კონგი ერთ-ერთი ბოლო ადგილია მსოფლიოში, სადაც ბამბუკისგან დამზადებული ხარაჩოები ჯერ კიდევ ფართოდ გამოიყენება მშენებლობაში. მთავრობამ, უსაფრთხოების მიზნით, ქალაქში ბამბუკის ხარაჩოების გამოყენებაზე შეზღუდვები მარტში შემოიღო და გამოაცხადა, რომ სახელმწიფო სამშენებლო სამუშაოების 50%-ში ლითონის ჩარჩოების გამოყენება სავალდებულო გახდებოდა.
ბოლო ცნობებით, ჰონგ-კონგის პოლიციამ ხანძართან დაკავშირებით 3 პირი დააკავა. ცეცხლის გაძლიერებას ხელი შეუწყო ძლიერმა ქარმაც.


