მთავარისაქართველო„ყველა არსებითი საკითხი, რომლებიც ამ ხელშეკრულებაშია, საზოგადოებისთვის არის ცნობილი” - ირაკლი კობახიძე...

„ყველა არსებითი საკითხი, რომლებიც ამ ხელშეკრულებაშია, საზოგადოებისთვის არის ცნობილი” – ირაკლი კობახიძე არაბულ ინვესტიციაზე

არაბულ კომპანია Eagle Hills-სთან საქართველოს სახელმწიფოს მიერ დადებული ხელშეკრულება, რომლის თანახმად თბილისში, კრწანისის ტერიტორიასა და გონიოში, ზღვის პირას სავაჭრო და საცხოვრებელი სივრცეები დაახლოებით 9 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე აშენდება, განხილვის საგანი იყო პარლამენტში. დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამ საკითხზე მეტი დეტალის გასაგებად დაიბარეს.

იმის მიუხედავად, რომ ჯერ არც კონკრეტული პროექტი და გეგმა არ არსებობს, პრემიერი ირაკლი კობახიძე თავის გამოსვლაში ირწმუნებოდა, რომ ამ არაბული ინვესტიციით საქართველო მხოლოდ დადებით შედეგებს მიიღებს. მან სპეკულაცია უწოდა კრიტიკულ კითხვებს ისეთ საკითხებზე როგორებიცაა, საქართველოს მოქალაქეთა ეროვნული ინტერესების შესაძლო დარღვევა, ტერიტორიების შესაძლო გასხვისება, სხვა ეროვნების პირთათვის მოქალაქეობის მარტივად, პრივილეგირებულად მინიჭება და ხელშეკრულების გასაიდუმლოება. მისი თქმით, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია და ეს ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო წინსვლისთვის აუცილებელია.

„ათასი სპეკულაციური განცხადება მოვისმინეთ, თითქოს თბილისი დაკარგავს თავის ფილტვებს და ა.შ. ჩვენ შეგვიძლია, მკაფიოდ განვუმარტოთ საზოგადოებას, რომ არათუ არ შემცირდება გამწვანების არეალი, პირიქით, გაიზრდება მწვანე სივრცეების მოცულობა კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ. რაც შეეხება გონიოს, გონიო საერთოდ არ არის გამწვანებული და ის სივრცე, სადაც არ არის მწვანე ნარგავები დღეს, გამწვანდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოეწყობა.

აქედან გამომდინარე, არათუ არ შემცირდება მწვანე სივრცეების მოცულობა გონიოსა და კრწანისში, არამედ, პირიქით, ეს სივრცეები გაიზრდება. „იგლ ჰილსის“ პროექტი ხორციელდება ქართული კანონმდებლობის ქვეშ, საქართველოში, დეველოპერული პროექტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ წარმოიშვა დავა ორ მხარეს შორის – საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია „იგლ ჰილსს” შორის, ამ შემთხვევაში მოქმედებს ბრიტანული სამართალი. Eagle Hills-ის პროექტის განხორციელების ეტაპზე შეიქმნება 24 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი და პროექტის დასრულების შემდეგ შეიქმნება 8 ათასზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი.

არავითარ შეღავათებს არ ითვალისწინებს ეს ხელშეკრულება, მათ შორის ბინადრობის ნებართვის გაცემის კუთხით. მით უმეტეს, არავითარი დისკრიმინაციული პუნქტები არ არის შეტანილი საქართველოს მოქალაქეების საზიანოდ. მაგალითად, არ წერია, აქ ვინ შეიძლება იყოს დასაქმებული, მყიდველი და ა.შ. ეს ყველაფერი დარეგულირდება შესაბამისი საბაზრო ურთიერთობებით, ისევე როგორც ეს ხდება ხოლმე სხვა ინვესტიციების შემთხვევაში. თქვენ შეგიძლიათ, ნებისმიერი თეორიული კითხვა დასვათ, თუ არის რაიმე თეორიული პუნქტი, რაც შეიძლება იყოს შეტანილი ამ ხელშეკრულებაში, რომელიც შესაძლოა, თქვენი აზრით იყოს საზიანო სახელმწიფოსთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის და მარტივად გიპასუხებთ. ყველა არსებითი საკითხი, რაც არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებაში, საზოგადოებისთვის არის ცნობილი და გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან, ეს ინფორმაცია პირადად მეც გავუზიარე საზოგადოებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები არ არის საკმარისი იმ ბუნდოვანების გასაფანტად, რომელიც ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ამ იდეის და ჯერჯერობით არარსებული პროექტის მიმართ არსებობს. ოპოზიციისთვის მთავარ პრობლემას, ხელშეკრულების არგასაჯაროება, არაბული კომპანიისთვის საუკეთესო ტერიტორიების გაურკვეველი მიზნით გადაცემა და ქართველი ხალხის ინტერესების შესაძლო დარღვევა წარმოადგენს.

„დღეს მოვისმინეთ არაზუსტი მონაცემები, არაზუსტი შეფასებები. დღეს ჩვენ გავიგეთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ ესმის, რას ნიშნავს ინვესტიცია. მით უმეტეს, არ ესმის, რას ნიშნავს პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. არ ესმის, რას ნიშნავს განსხვავება მოგებასა და ინვესტიციას შორის. აბსოლუტური სიგიჟეების მთელი კასკადი მოვისმინე.

ამ ცოდვილობის, რასაც დღეს რიცხვებთან მიმართებაში კობახიძე აკეთებდა, არ გვჯერა. საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ, ჩვენი მიწა რატომ სხვისდება და სად არის ამის შესაბამისი ინვესტიცია. საქართველოს მოქალაქეებს მათ შორის აინტერესებთ ამ პროექტის სოციალური მდგენელი და აინტერესებთ პოლიტიკური, დემოგრაფიული და ყველა სხვა მდგენელი, რაც შეიძლება მას მოჰყვეს.

და ბოლოს, მთავარი ტყუილი არის ის, რომ იქ ვინც იცხოვრებს, თურმე 80% საქართველოს მოქალაქე იქნება, ეს არის ტყუილი. შეუძლებელია იქ ჩვეულებრივი რიგითი ქართველი ცხოვრობდეს, როცა კვადრატულის ფასი 5 ათასი დოლარია. ეს ტყუილია და არავითარ შემთხვევაში არ დაიჯეროთ“, – განაცხადა „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა.

შეკითხვების ფონზე პრემიერ-მინისტრმა კვლავ განაცხადა, რომ ჯერ მხოლოდ შეთანხმება გაფორმდა და რეალური პროცესი ამის შემდეგ იწყება. მისივე თქმით, ამ ხელშეკრულებაზე მაქსიმალურადაა დაცული სახელმწიფო ინტერესები, თუმცა ის ორმხრივია და ასევე დაცულია არაბული კომპანიის ინტერესებიც. კომპანია Eagle Hills  ახლა პროექტისა და გეგმის მომზადების ეტაპზეა, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, რა სახით და როდის იქნება წარმოდგენილი ეს პროექტი.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

00:02:28
spot_imgspot_img
Send this to a friend