გერმანული სამხედრო ავიაცია მნიშვნელოვანი სიახლეების მოლოდინშია. ბუნდესვერმა ცვლილებები არა მხოლოდ სახმელეთო ძალებში, არამედ საჰაერო თავდაცვაშიც დაგეგმა.
ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად საავიაციო წვრთნებში ბერლინი აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, გერმანული ქვეითი დანაყოფები სხვადასხვა სახმელეთო მანევრებშიც არიან ჩართული. რუმინეთში უკვე განთავსებულია საჰაერო სადესანტო დანაყოფი. უახლოეს მომავალში კი მსგავსი შენაერთი განთავსდება პოლონეთშიც.
გერმანიის საჰაერო ძალების გენერალური ინსპექტორის ჰოლგერ ნოიმანის თქმით, ბერლინი ყურადღებით აკვირდება რუსეთ-უკრაინის ომს და შესაბამისი დასკვნებიც გამოაქვს.
„ჩვენ, სამხედროები, ნებისმიერი კონფლიქტით ბევრ რამეს ვსწავლობთ. განსაკუთრებით აღფრთოვანებული ვართ უკრაინის შეიარაღებული ძალებით, ისევე როგორც მთელი მოსახლეობით, მათი მდგრადობითა და წინააღმდეგობის უნარით. თუმცა აუცილებელია, მკაფიოდ გავარჩიოთ, რა სახის გაკვეთილებია და რა დასკვნების გამოტანა შეგვიძლია. მაგალითად, განსხვავება მდგომარეობს დოქტრინულ მიდგომაში. საჰაერო ძალების გამოყენების თვალსაზრისით, აშკარა განსხვავებაა რუსეთის ფედერაციასა და NATO-ს შორის. მეორეც, გადამწყვეტია გეოსტრატეგიული მდებარეობა, ანუ არის თუ არა ის ფრონტისპირა სახელმწიფო. იქ საფრთხე ოდნავ განსხვავებულია, ვიდრე, შესაძლოა, უკანა სივრცეში, როგორც ჩვენს შემთხვევაში – გერმანიას ვგულისხმობ. და მესამე, უნდა გავარჩიოთ, რა შესაძლებლობები აქვს კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს. ერთი რამ კი ცხადია: კონფლიქტი NATO-ს და, კერძოდ, NATO-ს საჰაერო ძალების წინააღმდეგ სხვანაირად განვითარდებოდა, ვიდრე ამას ყოველდღიურად ვხედავთ ახალ ამბებში“, – ამბობს გერმანიის საჰაერო ძალების გენერალური ინსპექტორი, გენერალ-ლეიტენანტი ჰოლგერ ნოიმანი.
როგორც ბერლინში ამბობენ, გერმანიის ბუნდესვერი გეგმავს თანამედროვე ავიაგამანადგურებლების – Eurofighter-ების პარკის გაზრდას. მხოლოდ ამ ტიპის საავიაციო საშუალების რიცხვი მომავალში 163 ერთეულამდე გაიზრდება. ოფიციალური მონაცემებით, ამჯერად გერმანიის შეიარაღებული ძალების სამხედრო საავიაციო პარკში 380 სხვადასხვა საფრენი აპარატია. პირადი შემადგენლობა კი დაახლოებით 28 ათას ჯარისკაცია.
გერმანიის შეიარაღებულ ძალებში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს დრონების საწინააღმდეგო სისტემების დანერგვის თვალსაზრისითაც.
როგორც გენერალ-ლეიტენანტი ჰოლგერ ნოიმანი ამბობს: „ბუნდესვერს დღესაც შეუძლია, საკუთარ ტერიტორიებზე – მაგალითად, ყაზარმებში ან სამხედრო პოლიგონებზე – დრონები შეამჩნიოს და მათი ჩამოგდება შეძლოს. თუმცა ამის მთელ ტერიტორიაზე განხორციელება საჰაერო ძალების ძირითადი ამოცანა არ არის. ჩვენ შევქმენით სპეციალური ქვედანაყოფები, რომლებსაც სწრაფი რეაგირების ელემენტებს ვუწოდებთ. ჩვენ შეგვიძლია, ვიმოქმედოთ დრონების წინააღმდეგ როგორც უაღრესად მგრძნობიარე სენსორებით, ისე იარაღითა და დრონებით. მაგალითად, შეგვიძლია ბადის მსროლელი დრონით სხვა დრონების დაჭერა, ასევე გარკვეული სამიზნე მოწყობილობებით აღჭურვილი შაშხანებით მათი ჩამოგდება“.
მნიშვნელოვანი ცვლილებებია დაგეგმილი ჰაერსაწინააღმდეგო სტრატეგიული შესაძლებლობების გასაძლიერებლადაც. ცვლილებები ამ მიმართულებით უახლოეს მომავალშიც იგეგმება.
„რამდენიმე კვირაში ჩვენ დავნერგავთ Arrow Weapon System Germany-ს, შესაძლებლობას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ბალისტიკური რაკეტები დედამიწის ატმოსფეროს გარეთ გავანადგუროთ. ქვედა შრეებში ჩვენ ძირითადი შესაძლებლობები გაგვაჩნია, მაგრამ იმის გამო, რომ მთელი ყურადღება საერთაშორისო კრიზისების მართვაზეა გადატანილი, ეს შესაძლებლობები ძალიან შემცირდა. რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვა. სწორედ ამიტომ ჩვენ ამ სფეროში საგრძნობლად გავძლიერდებით“, – დასძენს გერმანიის საჰაერო ძალების გენერალური ინსპექტორი ჰოლგერ ნოიმანი.
კანცლერ მერცის იდეა – რომ გერმანიის არმია ევროპაში უმთავრეს კონვენციურ ძალად ჩამოყალიბდეს ეტაპობრივად და სწრაფი ტემპებით – რეალობაში ინერგება. შეიარაღებისა და ტექნოლოგიური სიახლეების პარალელურად, როგორც ცნობილია, ბერლინი ქვეითი ძალის გაზრდასაც გეგმავს.

