საბერძნეთმა ტაქტიკური წვრთნების ფარგლებში წარადგინა დრონების საწინააღმდეგო საშუალებების ფართო სპექტრი და გამოცადა ადგილობრივი წარმოების დრონები. ახალი სამხედრო შესაძლებლობის გამოცდას ტრიბუნებიდან აკვირდებოდნენ სამხედრო ოფიცრები შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან. საბერძნეთი, რომელიც დიდი ხანია იმპორტზეა დამოკიდებული, ახლა უერთდება გლობალურ რბოლას ახალი, ავტონომიური ტექნოლოგიების შემუშავებითა და გამოცდით.
„დღევანდელი ღონისძიების გზავნილი ნათელია: ჩვენი ქვეყანა და ჩვენი შეიარაღებული ძალები ახალ ეპოქაში შევიდნენ — არა მხოლოდ „მარჯვენა ფეხით“, როგორც ჩვენ ვამბობთ, არამედ ორივე ფეხით. ისინი თავდაჯერებულად და სტაბილურად მიიწევენ წინ, რათა განაგრძონ ბერძენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათი დაცვა განსაკუთრებით აქ, თრაკიაში, ალექსანდროპოლისისა და ევროპის მახლობლად, ყველა ბერძენს უნდა სჯეროდეს, რომ მათ სამშობლოს შეიარაღებული ძალები იცავენ“, – განაცხადა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა ნიკოს დენდიასმა.
ქვეყანაში შიდა წარმოების გაფართოების ფარგლებში 30-ზე მეტმა ბერძნულმა კომპანიამ დრონები და მათთან დაკავშირებული ტექნოლოგიები წარმოადგინა. მიზანი უცხოელ მომწოდებლებზე დამოკიდებულების შემცირება და რეგიონული საფრთხეების შეკავების მექანიზმების გაძლიერებაა.
ბერძენი მწარმოებლები ამბობენ, რომ სამხედრო დაფინანსების ზრდა დააჩქარებს სამოქალაქო სექტორის ტექნოლოგიების განვითარებასაც. ათენის უნივერსიტეტის აერონავტიკის მეცნიერების პროფესორმა, ვაიოს ლაპასმა შესრულებული პროექტებისა და მომავალი გეგმების შესახებ ისაუბრა.
„ვფიქრობ, ეს აჩვენებს, რომ ჩვენ მივდივართ ახალი, ავტონომიისა და ავტონომიური სისტემების ეპოქისკენ, სადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ დახვეწილი რობოტული სისტემები, იქნება ეს მიწაზე თუ ჰაერში. შემდეგ კი შეგვიძლია მათი გაწვრთნა და დამუშავება. ძირითადად ვაპირებთ ამ ტექნოლოგიების სამოქალაქო მიზნით გამოყენებას, მაგალითად, სამძებრო-სამაშველო ოპერაციების დროს თუ სატვირთო დრონების გაშვების დროს. ამ სისტემებს ასევე გამოვიყენებთ ხანძრის აღმოსაჩენად, რაც ძალიან დიდი პრობლემაა ხმელთაშუა ზღვასა და საბერძნეთში. არსებობს გამოწვევები, რომელთა გადაჭრაც ტექნოლოგიებით, რობოტიკითა და ხელოვნური ინტელექტით შეგვიძლია“, – აცხადებს ვაიოს ლაპასი.
ასეთი ტექნოლოგიების განვითარება რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უფრო აქტუალური გახდა როგორც საბერძნეთში, ისე, მაგალითად, ესტონეთში, დანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში, სადაც ინვესტიციები ჩადეს ადგილობრივ დრონებსა და დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიებში, რადგან ავტონომია და სწრაფი წარმოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შეკავებისთვის.

