სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა გრძელდება, რაც ძირითადად ერთობლივ სამხედრო წვრთნებში გამოიხატება, პოლიტიკურ კონტექსტში კი კავშირები ფაქტობრივად ბოლო 2 წელია შესუსტებულია. NATO, ისევე როგორც ევროკავშირის სტრუქტურები ამის მიზეზად, საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ, მათივე შეფასებით, მკვეთრად არადემოკრატიულ ნაბიჯებს ასახელებენ.
იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორივე გაერთიანება პირველ რიგში პოლიტიკურია, საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკა მათი შეფასებით, არასასურველ მდგომარეობაში ამყოფებს ორმხრივ ურთიერთობებს. NATO-ს კარი საქართველოსთვის კვლავ ღიაა, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე ახალი ძვრების დამსახურებით, აზერბაიჯან-სომხეთის კონტექსტის გათვალისწინებით. თუმცა, ალიანსის გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, მათ საქართველოში მიმდინარე პროცესები აშფოთებთ, რაც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ალიანსთან თავსებადობას. ასეთია სამხედრო ალიანსის გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადება, „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროსთან.
„რა თქმა უნდა, მხედველობიდან არ გვრჩება ის, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ. ამის შესახებ ქართველებს ნათლად ვაცნობეთ. ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ. ვფიქრობ, თანამშრომლობა ემსახურება იმ მიზანს, რომ საშუალება გვქონდეს, რათა ჩვენი წუხილები ღიად გამოვხატოთ. მოდით, ამ ყველაფერს ოდნავ ჰოლისტურად შევხედოთ, რადგან ერთის მხრივ საქართველო ახლა არის ისეთი როგორიც არის, მაგრამ, ასევე ვხედავთ იმას, რა ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ისინი ბევრად უკეთეს მდგომარეობაში არიან იმის დამსახურებით, რასაც პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს. ამდენად მე საქართველოს მთლიანი სამხრეთ კავკასიის კონტექსტში შევხედავდი“, – განაცხადა მარკ რუტემ.
მარკ რუტეს აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ ლიდერები. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველომ ყველანაირად დაიმსახურა NATO-ს წევრობა და ამ ე.წ. „ღია კარში“ უკვე 17 წელია, ვდგავართ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მარკ რუტეს საპასუხოდ ამბობს, რომ „ბურთი ახლა ალიანსის მხარესაა“.
„როგორც თავსებადობის, ინსტიტუციურად, ყველა საკითხში ნატოს წევრი ქვეყნების 7-8 ქვეყანას ვუსწრებთ ყველა პარამეტრებით. მიამიტი ქართველი ხალხი, მიამიტი აღარ არის. ნატო ჩამოყალიბდეს რა უნდა, საქმეც ის არის, რომ ვერ ჩამოყალიბდნენ, რა უნდა. ვხედავთ, მათ შორის, ნახევრად ოფიციალურად გახდა ცნობილი, ევროკავშირის ვითომდა კონტრშეთავაზება 24-პუნქტიანი, რომელშიც იგივე საკითხი იყო, კონსენსუსი ნატოსგან, მაგრამ არსად იყო გადაწყვეტილება უკრაინის ნატოში წევრობაზე, მაშინ როდესაც სიტყვით თითქოს ჰპირდებოდნენ, როგორც საქართველოს 2008 წლიდან მოყოლებული.
წლიდან წლამდე ღია კარში ვდგავართ, ორპირ ქარში, ნაცვლად იმისა, რომ გადაწყვეტილება მიიღონ, კვლავ გაუგებრობაში აყენებენ საქართველოს. უკრაინასთან დაკავშირებით ხომ გვესმის განცხადებები, უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი. 3 წელია, იბრძვიან, მათ შორის საკუთარი უფლებისთვის, გახდნენ ნატოს წევრი. მიამიტი არც ქართველი და უკრაინელი ხალხი იქნება. ჩამოყალიბდეს ნატო, რა უნდა. ასე ბუნდოვანებაში რომ გყავს ერები, მიუღებელია. ქართველი ხალხი აღარ არის მიამიტი, რომ დაიჯეროს ლამაზი სიტყვები: „ღია კართან გეპატიჟებით“, „გელით“… არანაირი „ღია კარი“ და „მიპატიჟება“ არ უნდა, უნდა გადაწყვეტილებები“, – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის მსგავსად, გაწევრიანების პროცესი შეაფერხა სამხედრო ალიანსთანაც. მათივე შეფასებით, ევროკავშირის შემთხვევაში ეს ღიად მოხდა, NATO-სთან კი ეტაპობრივად.
„დრო იყო საქართველოს NATO-სთან თავსებადობის მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო და მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. მაშინ NATO-ს ერთობლივ ოპერაციებში საქართველოს არმიის მონაწილეობა ხდებოდა უკიდურესი კრიტიკის საბაბი მაშინდელი ოპოზიციისა და დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან. მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, რომ გვაქვს სრულიად განსხვავებული მოცემულობა. ერთ დროს მოწინავე ქვეყანა, მათ შორის ლიდერი ევროკავშირში წევრობის ე.წ. „ასოცირებულ სამეულში“, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა, დღეს მაჩანჩალა ქვეყნად აქცია. ასე რომ, არ მიკვირს ბატონი მარკ რუტეს ეს კრიტიკული განცხადება, რადგან ის არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.
გლობალურ პროცესებში საქართველოს პოზიციონირება ამჟამად გაურკვეველ მდგომარეობაშია. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერები ამბობენ, რომ ქვეყნის სუვერენიტეტს „უხილავი ხელისგან“ იცავენ და ამას გარკვეული სიკეთეები თუ შეეწირება, ნაცვლად ქართველი ერი გადარჩება. დასავლეთიდან კი აცხადებენ, რომ პატარა ერების გადარჩენის გზა თანამედროვე გამოწვევების პირობებში, დემოკრატიულ გაერთიანებებში ინტეგრაციაა, რაც ორმხრივი პროცესია. საქართველო-NATO-ს ურთიერთობა კი სამხედრო კონტექსტში კვლავ გრძელდება.
ავტორი: ალეკო გვეტაძე

