NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროსთან ინტერვიუში, საქართველოს შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი „გულუბრყვილოდ“ არ უყურებს და რომ შეშოფოთებული არიან საქართველოში განვითარებული მოვლენებით.
ალიანსის ხელმძღვანელი იმასაც ამბობს, რომ მათი განწყობის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს ხელისუფლებაც.
„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ. ამის შესახებ ქართველებს ნათლად ვაცნობეთ. ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ. ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა იმ მიზანსაც ემსახურება, რომ გვქონდეს შესაბამისი არხი ჩვენი შეშფოთების ნათლად გამოსახატად“, – თქვა მარკ რუტემ.
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის კითხვაზე, საქართველო კვლავ რჩება თუ არა ასპირანტ ქვეყნად, ალიანსის ლიდერმა უპასუხა, რომ „ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც NATO-ს წევრობა სურს, შეუძლია ამის სურვილი ოფიციალურად გამოხატოს და შემდეგ პროცესი იწყება“.


