„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს დავა ლონდონის უზენაეს სასამართლოშიც მოუგო. ზარალის ბოლო შეფასებით, ივანიშვილმა Credit Suisse-ში 607 მლნ დოლარი დაკარგა და სწორედ ამ თანხის ანაზღაურება მოუწევს მისთვის ბანკს.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა დავა ლონდონის უზენაეს სასამართლოშიც მოიგო, ბუნდოვანია ის სანქციების გამო ამ თანხას მიიღებს თუ არა. 2024 წლის დეკემბერში მას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუწესა ფინანსური სანქციები.
რამდენიმე დღის წინ, 20 ნოემბერს, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თემო წიქვაძემაც განაცხადა, რომ შესაძლოა, ამერიკული სანქციების გამო ივანიშვილს თანხა მოგების შემთხვევაშიც ვერ მიეღო. ადვოკატმა ეს საკითხი შეთქმულების თეორიით ახსნა და განაცხადა, რომ ივანიშვილი „დიფ სტეიტის“ მიერ იდევნება.
გადაწყვეტილებაში, რომელიც უზენაესმა სასამართლომ გამოაქვეყნა, წერია, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2011-12 წლებში Credit Suisse–ში 750 მილიონ დოლარზე მეტი გადარიცხა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი ბანკის მენეჯერი, პატრის ლესკოდრონი, მრავალი წლის განმავლობაში თაღლითურად მართავდა ამ აქტივებს და ითვისებდა თანხებს. სწორედ ამ საქმეზე უჩივლა ბიძინა ივანიშვილმა CS Life-ს, Credit Suisse-ს შვილობილ კომპანიას, რომელიც განაგებდა აქტივებს.
რაც შეეხება პატრის ლესკოდრონს, ის 2018 წელს შვეიცარიაში გაასამართლეს, მოგვიანებით კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


