მთავარიევროპაუკრაინა„ევრომაიდნის“ მოვლენების დაწყებიდან 12 წელი გავიდა

„ევრომაიდნის“ მოვლენების დაწყებიდან 12 წელი გავიდა

12 წლის წინ კიევის ცენტრალურ მოედანზე ათობით ათასი მოქალაქე გამოიყვანა უკრაინელი ხალხისთვის ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ.

2013 წლის 21 ნოემბერს უკრაინის იმდროინდელმა მთავრობამ, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი კრემლის მოკავშირეობაში ადანაშაულებდა, უარი თქვა ევროკავშირთან „ასოცირების შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერაზე. არგუმენტად კიევში მაშინ დასახელდა რუსეთსა და დსთ-ის წევრებთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, თუმცა ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქუჩაში გამოსული გაბრაზებული ხალხისთვის გაცხადდა მანამდე არსებული ეჭვები – მოსკოვის ზეწოლამ იმოქმედა და ვიქტორ იანუკოვიჩმა კრემლის დავალება შეასრულა.

იმავე საღამოს სოციალურ ქსელებით დაგეგმილმა საპროტესტო აქციამ ქუჩაში გადაინაცვლა. კიევის მაიდანზე შეკრებილთა დიდი ნაწილი სტუდენტი იყო, თუმცა მომდევნო დღეებში, საპოლიციო დანაყოფების ძალადობრივმა ქმედებებმა უკრაინის დედაქალაქში ბევრად მეტი მოქალაქე გამოიყვანა და პროტესტის მასშტაბიც გაზარდა.

ვიდრე კიევის ცენტრში „ბერკუტის“ დანაყოფები სპეციალური საშუალებებითა და ფიზიკური ძალის გამოყენებით არბევდნენ უკრაინის ევროინტეგრაციის მომხრე დემონსტრანტებს, ქვეყნის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი საერთაშორისო მედიას არწმუნებდა, რომ უკრაინის ევროპისკენ მიმავალი გზა შეუფერხებლად გრძელდებოდა. ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლების ქმედებებმა გააერთიანა მანამდე რიგ საკითხებზე შეუთანხმებელი ოპოზიცია. ქუჩაში ისინიც ხალხის გვერდით დადგნენ და ერთობლივად დაიწყეს მუშაობა სტრატეგიაზე – როგორ დაეხსნათ უკრაინა რუსული გავლენებისგან და როგორ დაებრუნებინათ ის ევროინტეგრაციის გზაზე.

უწყვეტი პროტესტის პარალელურად სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფებმა შტურმით დაიწყეს კიევის ცენტრალურ მოედანსა და გამზირზე მოწყობილი კარვების ქალაქის აღება. დემონსტრანტები ვერც საპოლიციო ძალების ქმედებებმა და ვერც გაუსაძლისმა ყინვამ შეაჩერა.

უკრაინა განსხვავებულად შეხვდა ახალ 2014 წელს. ისტორიას დარჩა კიევის ცენტრში მოწყობილი ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე, რომელზეც საახალწლო ილუმინაციების ნაცვლად 12 წლის წინ საპროტესტო გზავნილები, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები იყო განთავსებული.

პროტესტის შეჩერება ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლებამ უმაღლეს რადაში „დიქტატორული კანონების“ მიღებით სცადა, თუმცა საკანონმდებლო ცვლილებებმა მოქალაქეთა კიდევ უფრო მეტი უკმაყოფილება გამოიწვია. მოვლენების ეპიცენტრად გრუშევსკის ქუჩა იქცა, სადაც რადიკალურ დაჯგუფებებსა და ძალოვნებს შორის შეტაკებებმა მასშტაბური ხასიათი მიიღო. მომიტინგეებმა ადმინისტრაციული შენობების დაკავება დაიწყეს.

ქუჩის უწყვეტი პროტესტის პარალელურად, პერიოდულად იმართებოდა მოლაპარაკებები უკრაინის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ვიქტორ იანუკოვიჩის ოპონენტები მთავრობას გადადგომისა და ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებდნენ. მოლაპარაკებები რამდენჯერმე წარუმატებლად დასრულდა. გადადგომის გადაწყვეტილება 2014 წლის იანვრის ბოლოს მხოლოდ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა მიიღო.

ევრომაიდნის მოვლენების ყველაზე სისხლიან დღედ 20 თებერვალი იქცა. ამ დღეს ძალოვნებმა და სნაიპერებმა მომიტინგეთა წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.

მაიდნის მოვლენები 2014 წლის 21 თებერვალს დასრულდა, რომელსაც „ღირსების რევოლუცია“ ეწოდა. უკრაინიდან რუსეთში გაიქცა ქვეყნის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, თუმცა ამით უკრაინელი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის არ შეწყვეტილა.

ის, რაც კრემლმა უკრაინაში პოლიტიკური გზით, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებით ვერ შეძლო, 2014 წლის გაზაფხულზე სამხედრო გზით მიაღწია. მოსკოვმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, იქ ჩატარებული რეფერენდუმით, რომლის შედეგების ლეგიტიმურობასაც დღემდე მხოლოდ კრემლი აღიარებს.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კი, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში რუსეთმა საომარი მოქმედებები წამოიწყო. მოგვიანებით, ისტორიამ აჩვენა, რომ ეს იყო კრემლის გრძელვადიანი გეგმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დასაწყებად, რომელიც ამ წუთამდე გრძელდება. კიევის აღება კი მოსკოვმა ვერც დაპირებულ სამ დღეში შეძლო, უკრაინელი ხალხის თავდადებისა და თავისუფლების მებრძოლი ხასიათის გამო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend