მათე დევიძის სოლიდარობის მარშზე დაკავებული ქეთევან ხუსკივაძე და ნინო ბარძიმაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო.
ქეთევან ხუსკივაძეს 5000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდა. ნინო ბარძიმიშვილი კი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, „პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის” ორ დღეს საპატიმროში გაატარებს.
ქეთევან ხუსკივაძე და ნინო ბარძიმაშვილი 19 ნოემბერს თბილისში გამართულ საპროტესტო მარშზე დააკავეს. ეს მსვლელობა 2024 წლის 19 ნოემბერს დაკავებული მათე დევიძის მხარდასაჭერად მოეწყო, მისი პატიმრობის ერთი წლის თავზე.
19 ნოემბერს პოლიციამ მარშის 13 მონაწილე დააკავა მელიქიშვილის გამზირსა და კაკაბაძის ქუჩაზე. დაკავებულთა შორის ხუთი ქალია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულთა ნაწილს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ნაწილსაც სამართალდამცველისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.


