გაეროში უსაფრთხოების საბჭოზე, უკრაინის მუდმივმა დელეგაციამ განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ აშშ-ის სამშვიდობო გეგმის „პროექტი“ უკვე განიხილა. თუმცა, უკრაინული მხარე განმარტავს, რომ არ აპირებენ საკუთარი ტერიტორიების დათმობას.
„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მზადაა ჩაერთოს ომის დასრულების ამ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში, მათ შორის ლიდერების დონეზე, ჩვენი წითელი ხაზები ნათელი და ურყევია. რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის, როგორც რუსეთის ტერიტორიის აღიარება არასდროს მოხდება. ჩვენი მიწა არ იყიდება“, – განაცხადა გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, კრისტინა ჰაიოვიშინმა.
უკრაინულმა მხარემ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მა და რუსეთმა ომის დასრულების გეგმა შეიმუშავეს, რომელიც უკრაინული მხრიდან მნიშვნელოვან დათმობებს ითვალისწინებს. ამასთან, სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც კიევის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას ითვალისწინებს, უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, უკანონო იქნება.
„წლევანდელი წლის დაწყებიდან, უკრაინა მხარს უჭერს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადებებს, რომელიც მიზნად ისახავს ომის დასრულებას. როგორც ადრე, ჩვენ ახლაც მზად ვართ, კონსტრუქციულად ვითანამშრომლოთ ამერიკულ მხარესთან, ასევე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მთელ მსოფლიოსთან, რათა შედეგი იყოს მშვიდობა. უკრაინამ ოფიციალურად მიიღო ამერიკული მხრიდან გეგმის პროექტი. ჩვენ გამოვყავით ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ გეგმის დებულებებზე ისე, რომ მას ომის სამართლიანი დასრულება მოჰყვეს“, – განაცხადა გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, კრისტინა ჰაიოვიშინმა.

