დასავლური მედია აქტიურად წერს იმის თაობაზე, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი ფარულ გეგმაზე მუშაობენ უკრაინაში ომის დასასრულებლად. მეტიც, NBC News-ი, Reuters-ი, Financial Times-ი და Axios-ი წერენ, რომ დონალდ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში უკვე დაამტკიცა 28 პუნქტიანი გეგმა, რომელშიც რუსეთის მაქსიმალისტური მოთხოვნები დომინირებს.
საკითხში ჩახედულ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემები წერენ, რომ ამ გეგმით უკრაინისგან დონბასის დათმობას, ზაპოროჟიესა და ხერსონში ფრონტის ხაზის გაყინვას, უკრაინის ჯარის ორჯერ შემცირებასა და შეიარაღების ნაწილის დათმობას მოითხოვენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საკითხზე კომენტირება მოუხდა.
„ ისეთი რთული და სასიკვდილო ომის შესაწყვეტად, როგორიც უკრაინაშია, საჭიროა სერიოზული და რეალისტური იდეების ფართოდ გაცვლა. მყარი მშვიდობის მიღწევა ორივე მხარისგან მოითხოვს რთულ, მაგრამ აუცილებელ დათმობებს. სწორედ ამიტომ, ამ ომის დასასრულებლად ჩვენ კონფლიქტის ორივე მხარის მოსაზრებებზე დაყრდნობით ვაგრძელებთ პოტენციური იდეების სიის შემუშავებას” – წერს X-ზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.
ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს უარყოფენ რუსეთში. მათ შორის იმას, რომ გეგმის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული რუსეთის პრეზიდენტის მარჯვენა ხელი, კირილ დიმიტრიევი. ცნობილია, რომ წარმოშობით უკრაინელი და ამერიკაში განათლება მიღებული რუსეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდის ხელმძღვანელი, სანქციების მოხსნის შემდეგ ვაშინგტონში იმყოფებოდა და დონალდ ტრამპის სპეც-წარმომადგენელთან, სტივენ უიტკოფთანაც აქტიური გადაკვეთა ჰქონდა.
„ ანკორიჯში განხილულ საკითხებზე რაიმე ახლის დამატება არ შეგვიძლია, ამ მხრივ ნოვაციები არ გვაქვს. თავად კონტაქტები უდავოდ გვაქვს, მაგრამ ისეთი კავშირები, რომელსაც კონსულტაციებს ვუწოდებდით, არ მიმდინარეობს. საკითხის დიპლომატიური და პოლიტიკური გადაჭრისთვის ყველა დრო კარგია – რუსეთი ღია რჩება დარეგულირების ირგვლივ, თუმცა მან უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ მოხსნილ იქნას კონფლიქტის პირველადი მიზეზები”- პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი.
NBC News-ი წერს, რომ შესაძლო გეგმა მომართულია იმაზე, რომ კონფლიქტის ორივე მხარემ მიიღოს მყარი გარანტიები და რომ მის შემუშავებაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი, ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მონაწილეობდნენ. ასევე აშშ-ის პრეზიდენტის სიძე, ჯარეტ კუშნერიც, რომელმაც საკუთარი დიპლომატიური უნარები ახლო აღმოსავლეთში წარმატებით გამოავლინა. ბევრის ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმაც, რომ გუშინ ანკარაში ჩასული ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ტრამპის სპეც-წარმომადგენელთან, სტივენ უიტკოფთან დაანონსების მიუხედავად გადაიდო. თავად მასპინძელთან შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა კიევის პოზიცია იმის თაობაზე, რომ დიპლომატური ძალისხმევა გააქტიურებული აქვს თუმცა ტერიტორიების დათმობა კიევში არ განიხილება.
„ ჩვენ ვენდობით პრეზიდენტ ტრამპს, სურვილში რომ დაასრულოს ომი. და ეს რთულია – მძიმეა სიტუაცია და მძიმეა გადაწყვეტილებებიც – რაც გასაგებია.
ჩვენ აქ ვისაუბრეთ დიპლომატიურ ფრონტზე არსებულ სიტუაციაზე, ახლა ბევრი პროცესი უფრო აქტიური გახდა, და ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა აქტიურად იყოს ჩართული კონკრეტულად მშვიდობის მიღწევაში, მყარი მშვიდობის მიღწევაში, იგივე ეხება უსაფრთხოების გარანტიებს. ომი უნდა დასრულდეს, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ არ იქნება ჯილდო ომის წამოწყებისა და ადამიანების მკვლელობისთვის”- აღნიშნა ანკარაში ვიზიტის დროს უკრაინის ლიდერმა.
„ თურქეთი მუდამ მზადაა განიხილოს რუსეთის შემოთავაზებები, რომლებიც ააჩქარებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მიმართულ ძალისხმევას და გზას გაუკვალავს მყარ მშვიდობას. ამ მიმართულებით ძალიან ვაფასებთ ჩვენი მოკავშირეების ჩართულობას შტატებიდან. ვფიქრობ სარგებლიანი იქნება სტამბოლის პროცესების გააქტიურება უფრო ხელშესახები საკითხებით, რომლებიც სასწრაფოდაა გადასაჭრელი. ჩვენ ყველა პარტნიორისგან მოველით, რომ აჩვენონ კონსტრუქციული მიდგომა სტამბოლის პროცესის მიმართ”-თქვა თურქეთის პრეზიდენტმა ორმხრივ ბრიფინგზე.
იმის დაშვება, რომ უკრაინასა და ევროპაზე რაიმე სახის გეგმები მათ გარეშე მუშავდება არ მოსწონთ ევროკავშირში და ხაზს უსვამენ, რომ ამერიკელი პარტნიორებისგან ამ მხრივ კონსულტაციებს ელიან. ამის შესახებ, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე ბრიუსელშიც ისაუბრეს, სადაც ევროპელები უკრაინის დახმარების ახალ სქემებს განიხილავდნენ, მეტწილად ჩრდილოვან ფლოტთან მიმართებით.
„უნდა გავერკვიოთ, მართლაც დგანან თუ არა დიდი ბიჭები ამ გეგმის უკან, თუ ასე არ არის. ამის შესახებ ხმები დადის და ჩვენ უკრაინის მხარე უნდა დავიჭიროთ. კითხვები იმის თაობაზე, არის თუ არა ამ გეგმის ნაწილი ტერიტორიული დათმობები – არ უნდა იქნას განხილული უკრაინის გარეშე. ჩვენ ვემხრობით პრეზიდენტი ტრამპის პირველად იდეას, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე, მას მხარს უჭერს აშშ, უკრაინა და ევროპა, აქ ერთადერთი პრობლემა პუტინია“ – თვლის დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი.
„ ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობისკენ მიმათულ ძალისხმევას, მაგრამ სწორედ ევროპაა უკრაინის მთავარი მხარდამჭერი და ეს სწორედ ევროპის უსაფრთოებას ეხება. ამიტომ ველით, რომ ახალ გეგმებთან დაკავშირებით ჩვენთან კონსულტაციას გაივლიან. რუსეთი აგრესორია, იმედია რომ მსხვერპლს არ მოუწევს თავდაცვის შესაძლებლობების შემცირება, არამედ აგრესორს შეუმცირდება აგრესიის განხორციელების შესაძლებლობები“– აღნიშნავს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი.
„ევროპელები მუდამ უჭერდნენ მხარს გრძელვადიან და მყარ მშვიდობას და მივესალმებით ყველანაირ ძალისხმევას ამის მისაღწევად. ნათელია, რომ ნებისმიერ გეგმაზე მუშაობაში, ჩართულები უნდა იყვნენ უკრაინელები და ევროპელები. უნდა გვესმოდეს, რომ ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორი და ერთი მსხვერპლია – თუმცა რუსეთის მხრიდან დათმობები არ გვინახავს. თუ რუსეთს მართლაც სურს მშვიდობა, ცეცხლის უპირობო შეწყვეტას აქამდე დათანხმდებოდა. უკრაინაზე თავდასხმების 93% – სწორედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მოდის – სკოლებზე, საავადმყოფოებზე და საცხოვრებელ სახლებზე, რომ გამოიწვიოს მაქსიმალურად დიდი ტანჯვა“– ამბობს უმაღლესი ევროკომისარი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი.
აქტუალობას არ კარგავს ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის მორიგი შეხვედრის შესაძლებლობა, რომლის ადგილიც ბუდაპეშტია, თუმცა რომლის დროც ჯერ ისევ ბუნდოვნად რჩება. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ ამერიკელი და რუსი კოლეგების მზაობას ელის,რათა საპრეზიდენტო სამიტს უმასპინძლონ.

