რუსულმა მხარემ უკრაინას კიდევ 1000 ცხედარი გადასცა. როგორც მოსკოვი აცხადებს, ისინი უკრაინის დროშის ქვეშ მებრძოლი სამხედროები არიან. ეს ინფორმაცია 20 ნოემბერს, უკრაინის სამხედრო ტყვეებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბმა გაავრცელა. ამ დროისთვის, საერთო ჯამში, უკრაინულმა მხარემ 6000-მდე ცხედრის გადმოსვენება შეძლო.
ცხედრების გადაცემაში დაპირისპირებულ მხარეებს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დაეხმარა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტები მათი ვინაობის დადგენას მალე დაიწყებენ.
დაღუპულების ცხედრებისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნება, იმ შეთანხმების მიხედვით ხდება, რომელიც კიევმა და მოსკოვმა 2025 წლის მაის-ივნისში სტამბოლში გამართული მოლაპარაკებებისას მიიღეს. უკრაინის მხარის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის, 70 000-ზე მეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.


