თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს 19 ნოემბერს, პატიმრობაში მყოფი მათე დევიძის მხარდამჭერ მარშზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა საქმეებს. მათი რაოდენობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, 13-ს შეადგენს.
უწყების ცნობით, ყველა მათგანს ედავებიან „პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა“ და „სამართალდამცველებისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს“.
დაკავებულთა შორის არის მთარგმნელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ქეთევან ხუსკივაძე.
ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა მოქალაქეებს არაერთხელ მოუწოდეს, გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი, როგორც მელიქიშვილის გამზირზე, ისე პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე, რასაც დემონსტრანტთა პროტესტი მოჰყვა. მათი განმარტებით, შეკრებილთა რაოდენობა საკმარისი იყო, რათა შეძლებოდათ, გადასულიყვნენ საფეხმავლო ბილიკიდან.
19 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“.
უფლებადამცველი ორგანიზაციის განმარტებით, „საჯარო სივრცეში, მათ შორის, ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, შეკრების უფლება დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით“.
ორგანიზაციას არგუმენტად მოჰყავს ეუთო/ოდირის 12 ნოემბრის შეფასება „ქართული ოცნების“ მიერ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაჩქარებული წესით შეტანილი ცვლილებების თაობაზე. ამ შეფასების მიხედვით, ნაკლებად მკაცრი ალტერნატიული სანქციების არარსებობა ძირს უთხრის პროპორციულობის პრინციპს.


