საქართველოს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აქვს, კიდევ უფრო გაზარდოს თავისი, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის როლი. სწორედ საქართველოზე გადის შუა დერეფანი, რომელიც საქართველოს გარდა ცენტრალური აზიის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და შავი ზღვის გავლით ჩინეთსა და ევროპას აკავშირებს.
შუა დერეფანი გახდა შავი ზღვის პლატფორმის მე-5 კონფერენციის განხილვის მთავარი თემა. კონფერენციაზე, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტი, მასთან დაკავშირებული გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილეს. ასევე კონფერენციის 150-მდე მონაწილემ, იმ მიმდინარე პროექტებსა და საჭირო რეფორმებზე იმსჯელა, რომელიც შავი ზღვის გავლით ევროკავშირთან ვაჭრობას გაამარტივებს.
„მეხუთე კონფერენციას, ესწრებიან ცენტრალური აზიის წარმომადგენლები, ჩვენი მეზობლები აზერბაიჯანიდან, ასევე სომხეთიდან და რაც მთავარია, ევროპელები: რუმინეთიდან, უნგრეთიდან და ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან. რაც შეეხება კონფერენციის მთავარ მიზანს და იდეას, ჩვენ ის ისტორიული შანსი, რომელიც გვაქვს, ამ შემთხვევაში საქართველოს, როგორც მედროშე ქვეყნის, აზიის ევროპასთან დაკავშირების ფორმატში, არ უნდა გავუშვათ, ვინაიდან შუა დერეფანი კიდევ ერთხელ გვაძლევს უნიკალურ საშუალებას და მე ვიტყოდი, რომ ასეთი შანსი ჩვენს ქვეყანას მომავალში შეიძლება აღარ ჰქონდეს,“ – ამბობს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი, ზვიად ჭუმბურიძე.
ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფუჭებული ურთიერთობები შუა დერეფანზე უარყოფითად აისახება.
„ჩვენი პარტნიორების ინტერესი, მათ შორის აზიელი პარტნიორების ინტერესი არის ერთი – საქართველო, რომელიც ევროპის ნაწილი გახდება. სხვანაირად წარმოუდგენელია. ვერც შუა დერეფანი განვითარდება და ჩვენც ვერ განვვითარდებით. ამიტომ ევროპულ მიმართულებას ალტერნატივა არ აქვს“, – ამბობს ზვიად ჭუმბურიძე.
შუა დერეფანთან მიმართებაში საქართველოს მნიშვნელობაზე ისაუბრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულმა ხელმძღვანელმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა.
„შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია და ინიციატივაა. საქართველო კი მის შუაგულში მდებარეობს. მთელმა კავკასიამ გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს, აზიისა და ევროპის დაკავშირებაში, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დაინტერესებულია ჩაერთოს ყველა პროცესში, ყველა განხილვასა და პროექტის კვლევით ეტაპში. იმისთვის, რომ შევაფასოთ თუ როგორ შეგვიძლია გავხადოთ შუა დერეფანი რეალური და სიცოცხლისუნარიანი გზა ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად. ჩვენ უკვე აქტიურად ვმუშაობთ ყველა იმ ქვეყანაში, რომლებიც შუა დერეფნის ნაწილს შეადგენენ, ცენტრალური აზიიდან კავკასიის ჩათვლით. თუ საქართველოზე ვისაუბრებთ ჩვენ უკვე ჩადებული გვაქვს ინვესტიციები სარკინიგზო და საგზაო პროექტებში“ – განაცხადა ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა.
შუა დერეფნის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების დარეგულირება. ამის შესახებ საქართველოში ბულგარეთის ელჩმა, ისაუბრა. მისი განცხადებით გაფუჭებული ურთიერთობა უარყოფით გავლენას მოახდენს, როგორც შუა დერეფანზე ისე რეგიონის სტაბილურობაზე.
„ ვისურვებდი ურთიერთობების გაუმჯობესებას, რადგან ეს ჯანსაღი არ არის, არც საქართველოსთვის და არც ევროკავშირისთვის. ვიმედოვნებ, ორივე მხარე იპოვის გზას, დაუბრუნდეს ნორმალურ ურთიერთობას. უდავო ფაქტია, რომ საქართველო ბულგარეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ახლოს ვართ, ბევრი კუთხით ვართ დაკავშირებული, მაგრამ მეტი გვინდა. გვინდა მეტი საბორნე მიმოსვლა, მეტი კაბელები, რომლებიც ორ ქვეყანას დააკავშირებს, რადგან, რამდენადაც გვესმის, საქართველო მნიშვნელოვანი მოთამაშეა. შავი ზღვა და შუა დერეფანი მნიშვნელოვანია ბულგარეთისთვის. დაინტერესებულები ვართ ევროპისა და აზიის დაკავშირებით და ვერ ვხედავ ამ პროცესში, საქართველოსთვის გვერდის ავლის შესაძლებლობას”, – ამბობს საქართველოში ბულგარეთის ელჩი, ვესელინ ვალკანოვი.
პოლიტიკური გამოწვევების გარდა, რომელიც რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უკავშირდება, მთავარ გამოწვევებად გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ადმინისტრაციული ბარიერები, ბიუროკრატია და გაციფრულების პრობლემა რჩება. ამ საკითხების მოსაგვარებლად, კონფერენციაზე სახელმწიფო ჩართულობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა დერეფნის მნიშვნელობა შემცირდეს.
„ვხვდებით, რომ კომპანიები, საერთაშორისო პარტნიორები და ინვესტორები ხედავენ საქართველოში განვითარების პოტენციალს. შესაბამისად ჩვენ კომპანიებთან კონსულტაციები გვაქვს და ჩვენი მხრიდან ვთავაზობთ მათ კვლევებისა და ჩვენი გამოცდილების გაზიარებას, რომელიც დაეხმარებათ მათ დამატებითი ღირებულების შემქმნელი სერვისების შეთავაზებაში. ეს თავის მხრივ დაეხმარება საქართველოს იყოს ამ კორიდორის მნიშვნელოვანი ნაწილი და კონკურენცია გაუწიოს იმ მოსალოდნელ, პარალელურ გზას, რაც ზანგეზურის მიმართულებით იგეგმება,“ – ამბობს „BDO საქართველოს“ ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების მენეჯერი, დავით ფაღავა.
კონფერენციაზე, რომელიც ევროკავშირი–საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით იმართება, თანხმდებიან, რომ საქართველოს შემდგომი განვითარების პოტენციალი აქვს, რათა შუა დერეფრიდან დამატებული ღირებულება მიიღოს და მხოლოდ ტვირთების გამტარი ქვეყანა არ იყოს. ამისთვის საქართველომ დამატებითი სერვისები უნდა დანერგოს, რითაც გაიზრდება მისი, როგორც ლოგისტიკური ჰაბის როლი.

