იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში იმყოფებოდა, რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში დიპლომატიური მხარდაჭერის მოსაპოვებლად, რუსეთმა დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური იერიში მიიტანა დასავლეთ უკრაინის ქალაქ ტერნოპილზე. საოკუპაციო ძალების თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 25 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 3 ბავშვი. დაშავებულია 73 პირი.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ იჰორ კლიმენკოს ინფორმაციით, ტერნოპილში, რომელიც პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 200 კილომეტრში მდებარეობს, თავდასხმა ორ ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსზე მოხდა. მისი განმარტებით, 19 ადამიანი ცოცხლად დაიწვა, მათ შორის ბავშვები. ბოლო ინფორმაციით, 20-ამდე ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად მიიჩნევა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, სავარაუდოდ, ორი დღეს გაგრძელდება.

„აქ არ ვცხოვრობ, ჯარში ვმსახურობ, ხარკივში ვცხოვრობდი და ვიცი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ამიტომ დასახმარებლად მოვედი. გარდა ამისა, როგორც ექიმს, საჭიროების შემთხვევაში, შემიძლია პირველადი დახმარება გავუწიო საბავშვო ბაღში მყოფ ადამიანებს“, – განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 476 დრონი და სხვადასხვა ტიპის 48 რაკეტა გაუშვა. მათი უმეტესობა საჰაერო ძალებმა გაანეიტრალეს, თუმცა ექვსი ფრთოსანი რაკეტა მაინც მოხვდა სამიზნეს.
თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, რუსეთის აგრესიული თავდასხმა მიუთითებს იმას, რომ რუსეთის შემაკავებელი ზეწოლა არასაკმარისია.
Right now, all our services keep working in Ternopil to help the victims and save as many lives as possible. Points of Invincibility have been set up, where people can receive the support they need.
Tragically, tonight, the people of Ternopil suffered the most from Russian… pic.twitter.com/AT5iswjqwj
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) November 19, 2025
უკრაინის ქალაქი ტერნოპილი უკრაინის შედარებით მშვიდობიან დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, სადაც აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან ბევრი ადამიანი გადავიდა საცხოვრებლად. ისინი საბრძოლო მოქმედებებს გამოექცნენ. ამასთან, უკრაინის სამ სხვა რეგიონზე თავდასხმის შედეგად, 50 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ კიევის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების საპასუხოდ იერიში მიიტანეს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებსა და სამხედრო-სამრეწველო ობიექტებზე, მათ შორის, შორ მანძილზე მოქმედი დრონების საწყობებზე.

