რუსეთთან მზარდი დაძაბულობისა და ევროკავშირის მიერ თავდაცვის ხარჯების ახალი პაკეტის შემუშავების პარალელურად, გერმანიამ 19 ნოემბერს ქალაქ მიუნხენში უახლესი ტანკი – Leopard 2A8 წარადგინა. ცერემონიას ესწრებოდა გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი, რომელმაც კოლექტიური თავდაცვისა და შეკავების უნარის გაძლიერებაზე ისაუბრა.
„დღეს ეს სისტემები და სამრეწველო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გერმანიისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის. ისინი აძლიერებენ ჩვენს კოლექტიურ თავდაცვას, შეკავების უნარს, ასევე ჩვენს ერთიანობას, რომელიც ყოველდღიურად გამოცდის წინაშეა“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა.
არსებული ინფორმაციით, გერმანიის შეიარაღებული ძალები პირველ საბრძოლო ერთეულებს 2026 წელს მიიღებენ და ინტენსიურ გამოცდებს ჩაატარებენ. ახალი დიზაინით შექმნილ ტანკს აქვს განახლებული ჯავშანკაფსულა, დინამიკური და პასიური მოდულები და გაძლიერებული ნაღმსაწინააღმდეგო სისტემა.
ტანკი აღჭურვილია ასევე თანამედროვე აქტიური თავდაცვის სისტემითა და გაუმჯობესებული სენსორული პაკეტით, რომლითაც მარტივდება საფრთხეების განსაზღვრა და მათზე რეაგირება. მომავალი ათწლეულების განმავლობაში Leopard 2A8 გერმანიის არმიის მთავარი საბრძოლო ტანკი იქნება, რომელიც წინა მოდელებს ჩაანაცვლებს.
„გერმანიის შეიარაღებულ ძალებს სჭირდებათ თანამედროვე, მაღალი ხარისხის სისტემები. ევროპისთვის აუცილებელია საიმედო პარტნიორები, ჩვენ ყველას კი გვჭირდება ინდუსტრია, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ, მდგრად და მაღალი ხარისხის შედეგებს. მოდი, ერთად გავაგრძელოთ ეს გზა გადაწყვეტილებით, თანამშრომლობით, ნდობითა და იმ ტემპით, რომელსაც სიტუაცია მოითხოვს. ვიაროთ წინ“, – ამბობს გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი.
ინტენსიური შემოწმებისა და გამოცდის შემდეგ საბრძოლო მანქანებს პირველი ბატალიონები მიიღებენ. პირველ რიგში, ლიეტუვის ბრიგადის ჯარისკაცები, რომლებიც ბალტიისპირეთის ქვეყნებში აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად არიან განლაგებული.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტანკი სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც შეუკვეთეს, მათ შორის ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ, შვედეთმა და ჩეხეთმა.

