მთავარისაქართველოახალი საარჩევნო კოდექსის პროექტის განხილვა პარლამენტმა კომიტეტებში დაიწყო

ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტის განხილვა პარლამენტმა კომიტეტებში დაიწყო

„ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსში ისეთი კომპლექსური ცვლილებების შეტანას აპირებს, რომ ამისათვის მმართველ პარტიას ახალი ორგანული კანონის მიღება დასჭირდა. ეს ცვლილებები ძირითადად აკრძალვას გულისხმობს. მოკლე განმარტებით, აიკრძალება საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა საზღვარგარეთიდან; აიკრძალება აუდიომონიტორინგი კენჭისყრის შენობასა და კომისიის სხდომებზე; საარჩევნო კანდიდატების სიაში ყოფნის უფლება მხოლოდ პოლიტიკური პარტიის წევრებს ექნებათ; კომისიის წევრობა აეკრძალება ნასამართლევ პირს, მათ შორის იმასაც, ვისაც სასამართლომ ჯარიმა შეუფარდა.

ჩანაწერს, რომელიც საარჩევნო უფლების ტერიტორიული საფუძვლით შეზღუდვას გულისხმობს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კანონის დამტკიცების შემდეგ საქართველოს მოქალაქე ემიგრანტები საზღვარგარეთიდან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ, რადგან სხვა ქვეყნებში საარჩევნო უბნები უბრალოდ აღარ გაიხსნება. კანონის ავტორები „ქართული ოცნებიდან“ ამბობენ, რომ ეს არა შეზღუდვა, არამედ მოქალაქეების დახმარებაა, რომ ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ და ე.წ. „დიფ სტეიტის“ გავლენაში არ მოექცნენ. ამისთვის კი სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ.

კანონპროექტის ავტორთა განმარტებით,

„საარჩევნო კოდექსის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნების დროს უცხოეთში ხმის მიცემა არ შეეძლებათ. მუნიციპალური არჩევნების მსგავსად, პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება.

ზუსტდება ფოტო-ვიდეოგადაღების წესები. კერძოდ, პროექტის თანახმად დგინდება, რომ საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეოგადაღება აუდიომონიტორინგს არ გულისხმობს.

კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები მარტივდება და სააღრიცხვო ბარათი წარსადგენი აღარ იქნება. ამჟამად, კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით წარსადგენია მის მიერ შევსებული ორი დოკუმენტი – სააღრიცხვო ბარათი და პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადი. პროექტის თანახმად, რეგისტრაციის მიზნით კანდიდატი მხოლოდ არჩევნების მონაწილეობის თანხმობის ფორმას შეავსებს, სადაც თანხმობასთან ერთად, ბინადრობის ცენზისა და პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაცია აღინიშნება.

იცვლება კანდიდატების წარდგენისა და ასევე რეგისტრაციაზე უარის/რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები. პროექტის თანახმად, პარტია უფლებამოსილი იქნება კანდიდატად მხოლოდ ამ პარტიის წევრი წარადგინოს, ხოლო საინიციატივო ჯგუფი უპარტიო კანდიდატს წარადგენს. სხვა შემთხვევაში კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ან რეგისტრირებულ კანდიდატს რეგისტრაცია გაუუქმდება.

ახალი „საარჩევნო კოდექსის“ პროექტით ცვლილება საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევის ვადასაც შეეხება. კანონის მოქმედი რედაქციით საკრებულოს პირველი სხდომა ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში მოიწვევა. პროექტით პირველი სხდომის მოწვევა გათვალისწინებულია საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან 14 დღის ვადაში.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტები ოპოზიციიდან ღიად ამბობენ, რომ ეს ცვლილება მმართველ პარტიას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისთვის სჭირდება. ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა კი იმას ემსახურება, რომ საზღვარგარეთ ძირითადად ხელისუფლებაზე განაწყენებული მოქალაქეები ცხოვრობენ, რომლებიც მხარს ოპოზიციას უჭერენ. მათი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვით კი „ქართულ ოცნებას“ მეტი შანსი ექნება, საკუთარი მხარდაჭერებისა თუ მათივე თქმით, სხვა მანიპულაციების ხარჯზე, უფრო უკეთესი შედეგი მიიღოს.

„ავტორიტარულ სახელმწიფოებშია ასე, სადაც ეშინიათ ემიგრაციის, რომელთაც ევროპა აქვთ ნანახი, დასავლეთი აქვთ ნანახი, ზუსტად იციან, ამ ქვეყნიდან რა უნდა გამოვიდეს და რა უნდა აკეთონ. ასეთი ხალხის ეშინია „ოცნებას“. ისინი ამბობენ, რომ ევროპაში ვინც ცხოვრობს, საქართველოში იმის გამო უნდა ჩამოვიდეს, რომ პროპაგანდის მიმართ ძალიან მოწყვლადები არიან. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის გადასაწყვეტი არ იქნება, არჩევნებზე ვინ სად და როგორ უნდა მისცეს ხმა. ეს არის კლასიკური ავტორიტარული ნაბიჯი, რომელიც მოიწონა დუგინმა, პუტინის პირადმა პროპაგანდისტმა, ფაქტობრივად, საათობრივი სიზუსტით. მარტივადაა საქმე, „ოცნებისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართული ემიგრაცია ერთხელ და სამუდამოდ გამოთიშოს საარჩევნო პროცესიდან“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა,  ლევან სანიკიძემ.

კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომლებიც ფართოდ განიხილეს, 19 ნოემბერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს. წინააღმდეგ კი ერთი დეპუტატი წავიდა „გახარია – საქართველოსთვის“ პარტიიდან. განხილვის პროცესი დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend