სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოშია. მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტს ქართველი კოლეგა მასპინძლობს. მის მისაღებად პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა პირისპირი და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები გამართეს, მოგვიანებით კი, მედიისთვის ერთობლივი განცხადებაც გააკეთეს და საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
„ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ნდობასა და ურყევ მეგობრობაზეა დაფუძნებული, მხოლოდ გეოგრაფიული სიახლოვით არასდროს ყოფილა განპირობებული. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ის ღირებულებითი თანხვედრა და საერთო ხედვები, რომლებიც ჩვენს ხალხებს აერთიანებთ – სახელმწიფო სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის დაცვა, როგორც საქართველოსთვის, ისე სომხეთისთვის, უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობებისთვის მყარ საფუძველს ქმნის. ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობა, მართლაც სამაგალითოა. აქტიური ორმხრივი ურთიერთობების კვალდაკვალ, საქართველო და სომხეთი მრავალმხრივ პლატფორმებზეც ნაყოფიერად თანამშრომლობენ. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სომხეთის სახელმწიფოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით“, – თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.
„ბოლო დროს მაღალი და უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტები მკაფიოდ უსვამს ხაზს, თუ როგორ მაღალ დონეზეა სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობა. ჩვენ სტრატეგიული თანამშრომლობის დონემდე მივიყვანეთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა. იგი ყოველთვის სტრატეგიული იყო, თუმცა ახლა ოფიციალური სახეც მიეცა…
განვიხილეთ რეგიონული საკითხებიც. შევეხეთ 8 აგვისტოს გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულების საკითხს და ეკონომიკური საკითხების განვითარებას, რაც თანხვედრაშია სომხეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ სამშვიდობო ხელშეკრულებასთან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც სუვერენიტეტის, იდენტობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე დგას“, – განაცხადა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა.
მიხეილ ყაველაშვილის თანახმად, მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და მისი მოადგილე, ქვეყნის ელჩი საქართველოში, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი და ეროვნული ასამბლეის წევრი არიან.
პრეზიდენტის სასახლეში მიღებამდე ვაჰაგნ ხაჩატურიანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ქეთევან კვინიკაძე და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში, გიორგი შარვაშიძე დახვდნენ.
„მაკა ბოჭორიშვილმა ვაჰაგნ ხაჩატურიანს მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამობრძანებისთვის და ნაყოფიერი ვიზიტის განხორციელება უსურვა“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობაში ვკითხულობთ იმასაც, რომ ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პრემიერ ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსაც შეხვდება.

