მთავარიმსოფლიობიუჯეტის დეფიციტის დასაბალანსებლად მოსკოვი გადასახადებს ზრდის

ბიუჯეტის დეფიციტის დასაბალანსებლად მოსკოვი გადასახადებს ზრდის

ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების შემცირებამ და ბიუჯეტის დეფიციტის ზრდამ მოსკოვი აიძულა დამატებითი თანხები მოსახლეობიდან და მცირე ბიზნესიდან მოიზიდოს.

რუსეთის დუმაში დარეგისტრირდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მთელ რიგ საგადასახადო ცვლილებებს ითვალისწინებს.

მთავარი ნაბიჯი — დღგ-ის 20%-დან 22%-მდე ზრდაა, რაც ბიუჯეტს დაახლოებით 1 ტრილიონ რუბლს მოუტანს. ასევე მცირდება ის წლიური შემოსავლის ზღვარი, საიდანაც კომპანიებს დღგ-ის გადახდა ევალებათ — 60 მილიონიდან 10 მილიონ რუბლამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ გადასახადებს ის მცირე ბიზნესებიც გადაიხდიან, რომელთაც აქამდე მსგავსი ვალდებულება არ ჰქონიათ.

„ჩვენ მართლაც გვესაჭიროება დამატებითი ხარჯები თავდაცვასა და უსაფრთხოებისთვის. დღეს ეს ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი ამოცანაა. და იმისათვის, რომ ყველა საჭირო რესურსებით ვიყოთ უზრუნველყოფილნი, დიახ, ჩვენ ვცვლით დამატებითი ღირებულების გადასახადს. ის მართლაც კარგად გროვდება, ჩვენ ვიცით, როგორ უნდა შევაგროვოთ ის, ეს ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე გასაგები გადასახადია”, – განაცხადა დუმაში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა.

გარდა ამისა, იზრდება აქციზები ალკოჰოლზე, თამბაქოსა და ელექტრონულ სიგარეტებზე. ასევე ძვირადღირებულ ციფრულ მოწყობილობებზეც შესაძლოა ახალი გადასახადი დაწესდეს.

ექსპერტების შეფასებით, ეკონომიკური შენელება და გადასახადების ზრდა იმის ნიშანია, რომ უახლოეს თვეებში პუტინს მოუწევს რთული არჩევანის გაკეთება სამხედრო ხარჯებსა და მომხმარებელთა კეთილდღეობას შორის.

„ჩემი ფულის დაახლოებით 30%-მა უბრალოდ გაქრობა დაიწყო. მე მას ვერც კი ვხედავ, ვერც კი ვამჩნევ, მართალია, ეს ფულია, მაგრამ საკმარისია მაღაზიაში  ერთხელ შევიდე, მოიმარაგო რამე და სულ ესაა, ფული აღარ მაქვს“, – წუხს მოსკოვის ერთ-ერთი მცხოვრები.

„პენსიონერებზე, ბებია-ბაბუებზე, მათზეც უნდა ვიფიქროთ, ფასების ზრდისა და ამ დღგ-ს გათვალისწინებით. ვფიქრობ, ეს მტკივნეული იქნება, შესამჩნევი იქნება, მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? როგორმე  შეგვიძლია ამაზე გავლენის მოხდენა? რა თქმა უნდა, არა. აი, ასეთი მდგომარეობაა“, – ამბობს მოსკოვის მკვიდრი.

კიევის ეკონომიკის სკოლის მონაცემებით, რუსეთში ნავთობის შემოსავლები წელს დაახლოებით 20%-ით შემცირდა, ძირითადად გლობალური ფასების შემცირების გამო.

უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო დაწესებული დასავლეთის სანქციები ასევე აფერხებს შემოსავლების ზრდას, ზრდის ხარჯებს და აფერხებს ინვესტიციებს.

„ვვარაუდობ, რომ მომდევნო 12-14 თვის განმავლობაში პუტინს საკმარისი სახსრები ექნება მიმდინარე სამხედრო და სხვა საჭირო ხარჯებისთვის. ამის შემდეგ მას მოუწევს რთული არჩევანის გაკეთება, რათა ხალხმა 100%-ით არ იგრძნოს, რომ ომი მიმდინარეობს, რომ დეფიციტია, სირთულეებია და ა.შ. რა თქმა უნდა, ზრდა შენელებულია, მაგრამ კორპორაციები იხდიან გადასახადებს, ხალხი მოიხმარს, ხალხი იღებს ხელფასს და იხდის გადასახადებს. ასე რომ, პუტინს საკმარისი რესურსები აქვს ბიუჯეტის დასაბალანსებლად“, – აცხადებს ალექსანდრა პროკოპენკო – კარნეგის ევრაზიული ცენტრის მკვლევარი ბერლინში.

გადასახადების ზრდის შესახებ საკანონმდებლო პაკეტს რუსეთის მორჩილი პარლამენტი უკვე განიხილავს და ის ძალაში სავარაუდოდ, 2026 წლის პირველი იანვრიდან შევა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend