2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის წინ ტრამპის ადმინისტრაცია ქმნის სპეციალურ სისტემას – FIFA PASS, რომელიც უცხოელ გულშემატკივრებს სავიზო გასაუბრებაზე პრიორიტეტს მიანიჭებს.
ეს ნიშნავს, რომ თამაშების ბილეთის მფლობელები საკონსულოებში უფრო სწრაფად მოხვდებიან, თუმცა ვიზის მიღება მაინც რუტინულ უსაფრთხოების პროცედურებზე იქნება დამოკიდებული.
ინიციატივა თეთრ სახლში დონალდ ტრამპმა FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსა და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად წარადგინა.
მათი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატზე მოსალოდნელი დიდი ნაკადის გამო აშშ-ის საკონსულოებში დამატებითი თანამშრომლები უკვე გაგზავნეს.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაახლოებით ექვსიდან შვიდ მილიონამდე ბილეთის გაყიდვას ელიან. აშშ უმასპინძლებს 104 მატჩიდან 78-ს, ამიტომ ქვეყანამ მეტი გულშემატკივრის მიღება უნდა შეძლოს. ინფანტინოს თქმით, FIFA PASS-ის შექმნა ადასტურებს სურვილს, რომ 2026 წლის ტურნირი ისტორიაში ყველაზე დიდი და ინკლუზიური იყოს.


