გაერთიანებული სამეფოს მონეტების ოფიციალურმა მწარმოებელმა, ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანამ, ლეგენდარული მომღერლის, ფრედი მერკურის პატივსაცემად სპეციალური მონეტა გამოუშვა.
მონეტაზე გამოსახულია ჯგუფ Queen-ის სოლისტი, რომელსაც ხელში მიკროფონის სადგამი უჭირავს.ფრედი მერკურისადმი მიძღვნილი პირველი მონეტა მისმა დამ, ქაშმირა ბულსარამ მოჭრა, უელსში, სამეფო ზარაფხანაში.
„ფრედი ახალგაზრდა გარდაიცვალა, მას არ მიეცა შანსი, მუსიკალურ სამყაროში დამსახურებული სამეფო მედალი მიეღო. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სამეფო მონეტის დამზადება არაჩვეულებრივი იდეაა. დიზაინი ძალიან შთამბეჭდავია. მისმა შემქმნელებმა მოახერხეს ფრედი ისეთი სახით გამოესახათ, რომლითაც მთელ მსოფლიოს დაამახსოვრა თავი. ფრედი ყოველთვის ჩემს ძმად დარჩება. მინდა, რომ ის ახლაც აქ იყოს და ერთად დავტკბეთ ცხოვრებით. თუმცა ასე არ ხდება. სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც ხალხი ასე დადებითად საუბრობს ჩემს ძმაზე. ძალიან მიხარია, რომ ის ამდენი წლის შემდეგაც ახსოვთ,“ – ამბობს ფრედი მერკურის და ქაშმირა ბულსარა.
ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის დირექტორის თქმით, ფრედი მერკურის თაყვანისმცემლები მისი მონეტის გამოშვებას დიდი ხანია ითხოვენ. სწორედ ამიტომ ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანამ გამოუშვა სპეციალური საიუბილეო მონეტა, რომელიც ჯგუფ Queen-ის ლეგენდარული Live Aid-ის კონცერტზე გამოსვლიდან 40 წლის იუბილეს ეძღვნება.
„თაყვანისმცემლები ფრედი მერკურის მონეტას დიდი ხანია ითხოვენ. ახლა სწორედ შესაფერისი დროა. რადგან Live Aid-ის ცნობილი კონცერტიდან და ფრედის სოლო ალბომის „მისტერ ბედ გაის“ გამოშვებიდან 40 წელი გავიდა“, – განაცხადა ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის დირექტორმა, რებეკა მორგანმა.
ფრედი მერკური 1991 წელს 45 წლის ასაკში გარდაიცვალა, სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ, რაც საჯაროდ განაცხადა, რომ აივ ინფექციით იყო დაავადებული.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ შეგვიძლია ეს ოქროს მონეტა გადავცეთ საქველმოქმედო ორგანიზაცია Mercury Phoenix Trust-ს. ეს ორგანიზაცია ფრედის სახელით დაფუძნდა და აივით ინფიცირებულებს ეხმარება“, – განაცხადა რებეკა მორგანმა.
სამეფო ზარაფხანას გამოშვებული აქვს სპეციალური მონეტები სხვა მუსიკოსების პატივსაცემადაც, მაგალითად, დევიდ ბოუის, ჯორჯ მაიკლის, შერლი ბეისისა და პოლ მაკარტნის. ფრედი მერკურის მონეტის ყიდვა სამეფო ზარაფხანის ვებგვერდზე 18 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.

