მთავარიგადაცემებიSmart Regionsკლიმატის ცვლილების წყალობით შვრიის მოყვანა ჩრდილოეთ ევროპაშიც შესაძლებელი ხდება

კლიმატის ცვლილების წყალობით შვრიის მოყვანა ჩრდილოეთ ევროპაშიც შესაძლებელი ხდება

კლიმატის ცვლილების შედეგად შვრიის მოყვანა დედამიწის უკიდურეს ჩრდილოეთსა და არქტიკაშიც კი შესაძლებელი ხდება. ფინელი, ისლანდიელი, ირლანდიელი, ნორვეგიელი და შვედი მეცნიერები შვრიის 400 სახეობაზე ატარებენ ცდებს, რათა ნახონ, თუ რომელი იხარებს ყველაზე უკეთ არქტიკის ამჟამინდელი კლიმატის პირობებში და ამის შესაბამისად დანერგონ შვრიის კულტურა ჩრდილოეთ ევროპაში.

კლიმატის ცვლილება მარცვლეულის მოყვანას ისეთ ადგილებშიც კი უწყობს ხელს, სადაც აქამდე შეუძლებელი იყო ისეთი სუსხიანი ამინდის გამო, როგორიც, მაგალითად აქ, ისლანდიაშია.

„შვრიის საცდელი ყანა გვაქვს, სადაც სხვადასხვა სახეობას ვთესავთ,“ – ამბობს  ჰრანარ სმარი ჰილმარსონი, პროექტ  OatFrontiers in Iceland-ის ხელმძღვანელი. „გვინდა, ვნახოთ, თუ როგორ იხარებს შვრია ექსტრემალური ამინდის პირობებში, როცა ძალიან ცივა, დიდი თოვლი მოდის, ძლიერი ქარია, ან ხშირი წვიმა თუ გვალვა იცის. გვსურს, სიღმისეულად გამოვიკვლიოთ ეს საკითხი და შვრია უკიდურესი ჩრდილოეთის ზოლშიც მოვიყვანოთ“.

ჩრდილოეთ ევროპის ხუთი პერიფერიული  ქვეყანა და არქტიკა იღებს მონაწილეობას პანევროპულ რეგიონთაშორის პროექტში, სახელწოდებით „შვრიის საზღვრები“ (OatFrontiers). ეს იდეა თავდაპირევლად რეიკიავიკის ახლოს მდებარე ისლანდიის აგრარულ უნივერსიტეტში გაჩნდა. ჰელგა 400-ზე მეტი ჯიშის შვრიის თვისებებს იკვლევს. ამ პარკებში ჩაყრილი თესლი იწონება და იზომება როგორც გაშრობისა და გასუფთავების წინ, ისე –  შემდეგ.

„თესლის გასუფთავების შემდეგ უკვე ვიცით, როგორი იქნება მოსავალი და შეგვიძლია, გამოვთავლოთ, რამდენი ტონა მოვიდა ჰექტარზე და რა რაოდენობის მოსავალი მოგვცა შვრიის თითოეულმა ჯიშმა,“ – განმარტავს ჰელგა რუნ იოჰანსდოტირი, ასისტენტ-მკვლევარი. „შვრია ძალიან გამძლე მცენარეა. იგი ძალიან რთულ პირობებშიც კი ხარობს და შესანიშნავ მოსავალს იძლევა“.

ისლანდიელ ფერმერ ორნ კარლსენს  სანდჰოლში მარცვლეული 2009 წლიდან მოჰყავს, მაგრამ ისლანდიის ამ მხარეში ის ერთადერთია, ვინც მოწეულ შვრიას ადამიანის მოხმარებისთვის ყიდის.

„ჩვენთან მოსავალი, თბილ ქვეყნებთან შედარებით, ნაკლები მოდის, მაგრამ ძალიან ჯანსაღია,“ – ამბობს იგი. „არ ვიყენებთ ქიმიკატს,  ისე ვაწარმოებთ უამრავ მარცვლეულს. ამჟამად შვედურ ჯიშს ვიყენებთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ახალ, გაცილებით მსხვილმარცვლიან და უკეთეს სახეობებს მოგვაწვდიან, სწორედ ეს არის ამ პროექტის გრძელვადიანი ამოცანა“.

ამ პროექტის საერთო ბიუჯეტი მილიონ 600 ათასი ევროა, რომლის 60 პროცენტიც ევროპის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში დაფინანსდა. ხუთი ქვეყნიდან წარმოდგენილი ათი პარტნიორი მონაწილეობს ამ პროექტში. მათ შორისაა: ისლანდია, ირლანდია, ფინეთი, შვედეთი და ნორვეგია.

შვრია სხვა ტიპის მარცვლეულზე უფრო ამტანია და გაცილებით ნაკლები ფუნგიციდი სჭირდება, მაგრამ როგორ უნდა გავიგოთ, მისი რომელი სახეობა რომელ რეგიონში იხარებს ყველაზე უკეთ? ან მთელი ჩრდილოეთის რეგიონისთვის მხოლოდ ერთი სახეობა ხომ არ აჯობებს?

ჰრანარ სმარი ჰილმარსონი

„სწორედ ამას ვუწოდებთ გენოტიპისა და გარემოს შეგუებას და გვინდა, ვიცოდეთ, რამდენად ვიპოვით იმ ერთ სახეობას, რომელიც ყველა ადგილას ივარგებს. ან ხომ არ  ჯობია დავაკვირდეთ, თუ რომელი სახეობა გაამართლებს ირლანდიაში, რომელიც სრულიად განსხვავებული იქნება იმ სახეობისგან, რომელიც ფინეთში გამოდგება და ასე შემდეგ. ეს ჯერ არ ვიცით, მაგრამ გავარკვევთ“, – ამბობს ჰრანარ სმარი ჰილმარსონი.

ავტორი: ავრორა ველესი

 

უახლესი

სხვა ამბები

00:02:28
spot_imgspot_img
Send this to a friend