მთავარიEuropean Unionტრანსატლანტიკური ენერგეტიკა და პასუხი რუსეთს

ტრანსატლანტიკური ენერგეტიკა და პასუხი რუსეთს

აშშ ევროპას ტემპების აჩქარებისკენ მოუწოდებს, რათა კონტინენტის რუსულ გაზზე დამოკიდებულება, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. 

„ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობის კონფერენციაზე” საბერძნეთში ჩასულმა ამერიკელებმა  ყველას შეახსენეს, რომ უკრაინაზე რუსული აგრესიის შემდეგ გადალაგებულ ენერგეტიკულ მარშრუტებში საკუთარ ინტერესები აქვთ. კერძოდ, აქვთ ამბიცია, სრულად შეავსონ ის ვაკუუმი, რომელიც ევროპაში რუსულ გაზზე სრული უარის შემდეგ შეიქმნება. აშშ-ის პრეზიდენტის მიზანი ღიაა, ქვეყანა გათხევადებული აირის ნომერ პირველი ექსპორტიორი უნდა გახდეს მსოფლიოში.

„საბედნიეროდ, აშშ-ში ჩვენ გვაქვს ბუნებრივი აირის საოცარი მარაგი. მე ვფიქრობ, რომ ამჟამად ჩვენ გვაქვს წარმოუდგენელი შესაძლებლობა, რომ დასავლეთ ევროპაში  რუსული გაზი ჩავანაცვლოთ, ჩავანაცვლოთ ის სრულად, უკანასკნელ მოლეკულამდე”, – აღნიშნა კონფერენციაზე გამოსვლისას აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, კრის რაითი.

აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი კრის რაითი კონფერენციის დაწყებას ელოდება, ათენი, საბერძნეთი, 6 ნოემბერი, 2025 წელი Copyright AP Photo/Tanassis Stavrakis

„როდესაც გაქვს ენერგოუსაფრთხოება, გაქვს ეროვნული უსაფრთხოებაც. აღმოსავლეთ ევროპა კი ის ადგილია, სადაც ამ მხრივ დანაკლისი ყველაზე მეტად იგრძნობა. ვხედავთ დამოკიდებულებას მტრულად განწყობილ  მომწოდებელზე, რომელსაც შეუძლია ომისა და კონფლიქტის წამოწყება აღმოსავლეთ ევროპაში. ახლა კი, ევროკავშირი და ყველა სხვა მხარე ვთანამშრომლობთ, არსებობს ერთი მიზანი: დავასრულოთ რუსეთისგან გაზის გაყიდვა“, – განაცხადა აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივანმა, დოგ ბურგამმა.

ეს განცხადებები აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ათენში გააკეთეს და ეს შემთხვევითი ადგილი არაა. საქმე ისაა, რომ ვაშინგტონი, კომპანია Exxon  mobil-თან ერთად ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსების ათვისებაში საბერძნეთის დახმარებას იწყებს. ეს კი ხმელთაშუაზღვაში აშშ-ის ყოფნას გულისხმობს. მხარეებს შორის ხელმოწერილი დოკუმენტით პირველი საბურღი სამუშაოები ზღვაში 2026-2027 წლებში დაიგეგმა. Exxon Mobil-ის პროგნოზით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, პროექტიდან სარგებელს უკვე 2030 წლიდან მიიღებენ.

„მტკიცედ გვჯერა, რომ რეგიონის სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ჩვენ გვჭირდება რუსულ გაზზე ტოტალური უარი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მიმართულება, სადაც აშშ და ევროპა ერთმანეთს ეთანხმებიან”, – ამბობს საბერძნეთის ენერგეტიკის მინისტრი სტავროს პაპასტავროუ.

„ესაა პასუხი რუსულ და ჩინურ ინტერესებზე, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. თქვენ ყველა თვალს ადევნებთ ისტორიულ მომენტს. ამას კი ერთად ვაკეთებთ.  და ჩვენ ახლა ვიწყებთ – დაელოდეთ შედეგებს”, – განაცხადა საბერძნეთში ახლად დანიშნულმა ამერიკელმა ელჩმა, კიმბერლი გულფოილმა.

ნათელია, რომ ე.წ. ვერტიკალურ დერეფნის მიმართ ყურადღება მატულობს. ენერგიის ჩრდილო-სამხრეთული გზა საბერძნეთთან ერთად ბულგარეთს, რუმინეთსა და უკრაინასაც მოიცავს. ათენში მყოფმა უკრაინის უმსხვილესმა ენერგომწარმოებელმა ისაუბრა კონფერენციაზე იმ გამოწვევებზე, რომლებიც ამჟამად უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას რუსული თავდასხმების ფონზე უდგას.

„მათი თავდასხმის ინტენსივობა გასულ წლებთან მიმართებით პრაქტიკულად შეუდარებელია. სამწუხაროდ, ისინი წარმატებულები არიან ამ თავდასხმებში, ამიტომ ჩვენ გვჭირდება დახმარება. ჩვენ გვესაჭიროება დახმარება გაზის მიწოდების თვალსაზრისით, ასევე ჩვენი ენერგეტიკული გენერატორებისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდება. მოახლოებული ზამთარი სავარაუდოდ იქნება ყველაზე რთული სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. ვაკეთებთ ყველაფერს, რომ უკრაინას ეს ზამთარი გადავალახვინოთ და შევამციროთ ის ტანჯვა, რომლის მიყენებასაც რუსეთი ცდილობს”, – ამბობს მაქსიმ ტიმჩენკო, DTEK-იდან. ეს კომპანია უკრაინის უმსხვილესი კერძო ინვესტორია ენერგეტიკული ინდუსტრიის მიმართულებით.

მაქსიმ ტიმჩენკო DTEK-იდან „ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობის კონფერენციაზე” საუბრობს, ათენი, საბერძნეთი, 6 ნოემბერი, 2025 წელი Copyright AP Photo/Tanassis Stavrakis

რუსულ გაზზე დამოკიდებულება ევროკავშირმა 2028 წლისთვის უნდა დაასრულოს. უნგრეთისა და სლოვაკეთის მხრიდან ბლოკს მხარდაჭერა არ აქვს, რადგან დრუჟბასა და თურქსტრიმის მილსადენებით რუსულ ბუნებრივ აირს იაფად იღებენ. მიუხედავად ამისა, ევროპულ გაერთიანებაში უმრავლესობა ერთ აზრზეა, აგრესიულ და არასანდო ექსპორტიორზე დამოკიდებულება სამუდამოდ დაასრულონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend