მთავარიევროპასერბეთიბელგრადში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გაიმართა

ბელგრადში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გაიმართა

სერბეთის დედაქალაქში სპეცრაზმმა ქვეყნის ავტოკრატი პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის, მოწინააღმდეგეები და მხარდამჭერები ერთმანეთს განარიდა. პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია  ორივე მხარემ გამართა.

პოლიციის მიერ შექმნილი დერეფნის ორივე მხარეს რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. სრული აღჭურვილობით შეიარაღებული პოლიციელები რამდენიმე რიგად იდგნენ.

ბელგრადში მთავრობის მოწინააღმდეგეები დიანა ჰრკას მხარდასაჭერად მოვიდნენ. იგი ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე გასულ წელს  მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულის დედაა.

„უკვე დიდი ხანია,  სახელმწიფო აღარ გვაქვს. ეს არის ერთი დიდი კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც საკუთარი არმია ჰყავს, ფორმიანი ადამიანები. არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა. სიურრეალისტური სიტუაციაა. არსებობს ორი სერბეთი, რომლებიც მომდევნო 30 – 50 წლის განმავლობაში ვერ შერიგდებიან“, – აცხადებს ბელგრადის მკვიდრი იოვიცა სტოიკოვიჩი.

გასულ კვირას ჰრკამ განაცხადა, რომ შიმშილობას იწყებდა პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარვების ბანაკში, სადაც მარტიდან მოყოლებული ვუჩიჩის მხარდაჭერები არიან. მისი მიზანი შვილისა და დანარჩენი 15 ადამიანის სიკვდილში დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემაა.  მისი მოთხოვნაა ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და  ყველა იმ პირის გათავისუფლება, რომლებიც ანტისამთავრობო აქციების დროს დააკავეს.

ვუჩიჩმა ერთგული მხარდამჭერების ბანაკი მარტში ბელგრადში დაგეგმილი მასშტაბური აქციის წინ მოაწყო.

როგორც ჩანს, შემოღობილი ზონა, რომელიც  „კაცილენდის“ სახელითაა ცნობილი, ვუჩიჩისთვის ერთგვარი ცოცხალი ფარია, რადგან  ის ოფისსა და პარლამენტის შენობას შორის არის მოწყობილი.

ბანაკს პოლიცია იცავდა, ბელგრადის მცხოვრებლებს კი ამ ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ.

მომიტინგეები მიიჩნევენ, რომ ნოვი-სადში გარემონტებული სადგურის შენობის ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევის მიზეზი ჩინეთთან სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში გაბატონებული კორუფცია და ნეპოტიზმის შედეგად უსაფრთხოების წესების დარღვევა იყო.

ხელისუფლებამ ბოლო თვეების განმავლობაში მომიტინგეების წინააღმდეგ ზომები მიიღო და ასობით ადამიანი დააკავა. პოლიციამ  საპროტესტო აქციები დაშალა.

პროსამთავრობო მედიამ და ოფიციალურმა პირებმა მომიტინგე უნივერსიტეტის სტუდენტები ტერორისტებად მოიხსენიეს და ისინი ძალადობის წაქეზებაში დაადანაშაულეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend