მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების ცუდ შედეგებს ფედერალური მთავრობის მუშაობის შეწყვეტას აბრალებს

დონალდ ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების ცუდ შედეგებს ფედერალური მთავრობის მუშაობის შეწყვეტას აბრალებს

შეერთებულ შტატებში გამართული თვითმმართველობის არჩევნები წარმატებული გამოდგა დემოკრატიული პარტიისთვის. მათმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს ნიუ-იორკის მერისა და ნიუ-ჯერსისა და ვირჯინიის გუბერნატორის არჩევნებში. დემოკრატებმა კონგრესში მნიშვნელოვანი მანდატი მოიპოვეს სხვადასხვა შტატშიც.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნებზე „რესპუბლიკური პარტიის” შედარებით წარუმატებელი გამოსვლის ერთ-ერთ მიზეზად ფედერალური მთავრობის მუშაობის შეწყვეტას მიიჩნევს.

„დისკუსია უნდა გვქონდეს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს გუშინდელი დღის შედეგები და შესაბამისად, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ასევე მთავრობის მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით და როგორ უკავშირდება ეს გუშინდელ ღამეს. გამოკითხვის შედეგებს თუ წაიკითხავთ, ნახავთ, რომ მთავრობის მუშაობის შეწყვეტამ რესპუბლიკელებზე უარყოფითად იმოქმედა. ეს დიდი ფაქტორი იყო. ასევე ამბობენ, რომ ყველაზე დიდი ფაქტორი ბიულეტენებში ჩემი არყოფნა იყო. არ ვიცი, ეს რამდენად მართალია, მაგრამ ჩემთვის დიდი პატივია, ამას რომ ამბობენ”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თეთრ სახლში რესპუბლიკელ სენატორებთან საუბრისას დონალდ ტრამპმა სენატორებს მოუწოდა, ეს საკითხი ბოლომდე მიიყვანონ და აღადგინონ მთავრობის მუშაობა. აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ და სამთავრობო სერვისებმა მუშაობა დროებით პირველ ოქტომბერს შეწყვიტეს. მიზეზი კი ისაა, რომ „დემოკრატიულმა პარტიამ“ უარი თქვა საბიუჯეტო ხარჯების შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერაზე.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით დემოკრატების მიერ შექმნილი მთავრობის მუშაობის შეჩერების კატასტროფულ პროცესში. ეს დემოკრატებმა გამოიწვიეს, მაგრამ მათ ამაში სათანადოდ არ ადანაშაულებენ. ამერიკის ისტორიაში ეს ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია, როდესაც მთავრობას მუშაობა აქვს შეწყვეტილი. სენატში დემოკრატმა რადიკალებმა ნულოვანი ინტერესი გამოთქვეს მუშაობის აღდგენის კუთხით. არ მგონია, რომ ისინი მალე იმოქმედებენ. ამას ბევრი ადამიანი არ ეთანხმება“, – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:28
spot_imgspot_img
Send this to a friend