ბელგიის თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა ბელგიის სხვადასხვა აეროპორტში აღმოჩენილ დრონებზე ისაუბრა და ინციდენტებს განზრახ დესტრუქციული ქმედებები უწოდა.
„ამ ყველაფრის განზრახვა დესტრუქციულია. ეს ხშირად დღის ერთსა და იმავე დროს ხდება. დღის ყველაზე ბნელ დროს, შებინდებისას, ვარსკვლავების გამოჩენამდე ოდნავ ადრე. შემდეგ ყველაფერი ბნელდება. ეს სპეციალურად კეთდება და დესტრუქციულია. ეს არის ადაპტირებული ტაქტიკა. მაგალითად, რადიოსიხშირის არარსებობა, რომლის აღმოსაჩენად ჩვენ ყველა სახის რადარის სისტემა გვაქვს. თუმცა ისინი 4 ან 5 თაობის ქსელებით მუშაობენ. მათი აღმოჩენა კი რთულია. ესენი იყო ნახევრად პროფესიონალური და პროფესიონალური დიდი ზომის დრონები. ჩვენ ვხედავთ, როგორ დაფრინავენ დრონებს სინქრონულად სხვადასხვა ფორმაციაში. ამის გაკეთება ყველას არ შეუძლია. ამისთვის გარკვეული უნარებია საჭირო. ეს ძალიან ჰგავს იმ ჰიბრიდულ ტექნიკას, რომელსაც სხვა ქვეყნებში ვხედავთ“, – განაცხადა ბელგიის თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა.
ოთხშაბათს, 5 ნოემბერს, ბელგიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ათობით რეისი გაუქმდა მას შემდეგ, რაც ტერიტორიაზე რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი შენიშნეს. ამის გამო პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერს უსაფრთხოების საკითხების განსახილველად მაღალი რანგის მინისტრებთან შეხვედრა მოუწია. ეს მოჰყვა შაბათ-კვირას აშშ-ის ბირთვული იარაღის განთავსების სამხედრო ბაზის მახლობლად უცნობი დრონების ფრენების სერიას. ბრიუსელის აეროპორტმა სამშაბათს, 3 ნოემბერს, საღამოს „უსაფრთხოების მიზეზით” დახურვის შედეგად 54 რეისის გაუქმების შესახებ განაცხადა და ბოდიში მოიხადა, სადაც აღნიშნულია, რომ „მგზავრებისა და პერსონალის უსაფრთხოება მთავარ პრიორიტეტად რჩება”.
მანამდე, კვირის დასაწყისში, ბელგიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ შაბათ-კვირას კლაინე ბროგელის საჰაერო ბაზის მახლობლად ფრენები როგორც ჩანს, „ჯაშუშური ოპერაცია“ იყო, რომლის მიზანსაც ვითარების „დესტაბილიზაცია“ წარმოადგენდა.

