გაეროს სურსათის დახმარების სააგენტოს განცხადებით, ისრაელსა და „ჰამასს” შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ღაზაში მცხოვრებ ერთ მილიონ ადამიანს სურსათის პაკეტები დაურიგეს.
ზავის ამოქმედებიდან სამი კვირის შემდეგ მსოფლიო სასურსათო პროგრამის მონაწილეებმა ღაზის სექტორში მეტი გადასასვლელის გახსნა მოითხოვეს. მათი მიზანი მოსახლეობისთვის საკვების სწრაფად მიწოდება იყო.
გაეროს სააგენტოს ერთ-ერთი მაღალი რანგის წარმომადგენელი ამბობს, რომ საჭიროა მეტი რაოდენობის საკვების მიწოდება.
„ჩვენ ახლა მოცულობა გვჭირდება. საჭიროა მასშტაბური ზომები, რათა შევამსუბუქოთ ადგილზე არსებული ვითარება. ხალხი კვლავ სასოწარკვეთილია და შიმშილობს. მათ არ აქვთ ჰუმანიტარული სექტორების სათანადო მხარდაჭერა. ღაზაში სიტუაცია კვლავ ძალიან მყიფეა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დადებითი ცვლილებებია, მაგალითად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჯერ ისევ ძალაშია, ჩვენ მხოლოდ ტვირთის ნახევარი შეგვაქვს ღაზაში“, – აცხადებს მსოფლიო სასურსათო პროგრამის საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების დეპარტამენტის დირექტორი, როს სმიტი.
მსოფლიო სასურსათო პროგრამის მონაცემებით, ღაზაში მცხოვრებმა თითოეულმა ოჯახმა თითო პაკეტი მიიღო, რომელშიც მხოლოდ 10 დღის სამყოფი საკვები იყო.
გაეროს სააგენტომ განაცხადა, რომ აპრილის შემდეგ ეს საკვების რეგულარული დარიგების პირველი ეტაპი იყო.
მსოფლიო სასურსათო პროგრამა ამჟამად ღაზაში მიზნად დასახული 145 პუნქტის ნაცვლად, საკვების განაწილების 44 პუნქტს ამუშავებს.
გაეროს შეფასებით, ყოველდღიურად 700 000 ადამიანი ახალ პურს იღებს. თუმცა, როს სმიტი ამბობს, რომ ეს არ არის საკმარისი.
„ჩვენ ვხედავთ პროგრესს კოორდინაციის სხვადასხვა მექანიზმსა და იმ დაბრკოლებასთან დაკავშირებით, რომლებიც ადრე გვექმნებოდა ლოგისტიკური ოპერაციების დროს. თუმცა პრობლემა ისევ არსებობს. ჩვენ გვჭირდება ყველა გადასასვლელის გახსნა. ამჟამად მხოლოდ ორია. აუცილებელია, ღაზის სექტორში ყველა შიდა მარშრუტი ჩვენთვის ხელმისაწვდომი იყოს. ჩვენ გვჭირდება სწრაფი გადაადგილება და ხელშეწყობა, რომ ჩვენი კოლონები გადასასვლელ პუნქტებზე არ შეაფერხონ. ამჟამად ეს კვლავ პრობლემური საკითხია“, – დასძინა როს სმიტმა.
ორწლიანი დამანგრეველი კონფლიქტის შემდეგ ასობით ათასი ოჯახი კვლავ საჭიროებს საკვებს. მათი უმეტესობა იძულებით გადაადგილებულია. კვების უზრუნველყოფის სისტემა მოშლილია, მოსახლეობისთვის არც ძირითადი საჭიროებებია ხელმისაწვდომი.

