ამერიკის შეერთებულ შტატებში ნიუ-იორკის მერის არჩევნებში 34 წლის „დემოკრატმა“ ზოჰრან მამდანმა გაიმარჯვა. ის ნიუ-იორკის პირველი მუსლიმი მერი იქნება. ზოჰრან მამდანმა არჩევნებში დაამარცხა ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორი, ენდრიუ კუომო, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრიდა კენჭს. ზოჰრან მამდანმა გამარჯვება ამომრჩევლებთან ერთად აღნიშნა.
„ნიუ-იორკი იმიგრანტების ქალაქად რჩება, იმიგრანტების მიერ აშენებულ ქალაქად, იმიგრანტების მიერ მართულ ქალაქად. დღეიდან კი იმიგრანტის ხელმძღვანელობით.
სტანდარტული გაგებით მე იდეალური კანდიდატი არ ვარ. ახალგაზრდა ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ვაკეთებ, რომ გავიზარდო. მუსლიმი ვარ. დემოკრატი სოციალისტი ვარ! და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ყველაფრისთვის ბოდიშის მოხდაზე უარს ვამბობ”, – განაცხადა ნიუ-იორკის ახლად არჩეულმა მერმა.
სიტყვით გამოსვლისას მან ნიუ-იორკის მოსახლეობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული პოლიტიკური სიბნელის ფონზე ნიუ-იორკი სინათლის წყარო იქნება.
„პოლიტიკური სიბნელის ფონზე ნიუ-იორკი სინათლის წყარო იქნება. აქ ჩვენ გვჯერა, რომ გვერდში მათ უნდა დავუდგეთ, ვინც გვიყვარს. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ხართ იმიგრანტი, ტრანსგენდერი საზოგადოების წევრი, ერთ-ერთი იმ მრავალი შავკანიანი ქალიდან, რომელიც დონალდ ტრამპმა ფედერალური სამსახურებიდან გაათავისუფლა, მარტოხელა დედა, რომელიც ჯერ კიდევ ელოდება სასურსათო პროდუქტების ფასების შემცირებას, თუ ნებისმიერი სხვა, თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაც არის. ჩვენ ავაშენებთ მერიას, რომელიც მტკიცედ იდგება ებრაელი ნიუ-იორკელების გვერდით და არ იყოყმანებს ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. სადაც ერთ მილიონზე მეტ მუსლიმს ეცოდინება, რომ აქ მათი ადგილი არის. ნიუ-იორკი აღარ იქნება ქალაქი, სადაც ისლამოფობიის გავრცელება და არჩევნებში გამარჯვება შეგეძლებათ“, – განაცხადა ზოჰრან მამდანიმ.
„დემოკრატიულმა პარტიამ“ ნიუ-იორკის გარდა კიდევ სამ არჩევნებში გაიმარჯვა. აბიგაილ სპანბერგერი ვირჯინიის პირველი ქალი გუბერნატორი გახდება და კონტროლს რესპუბლიკელი გუბერნატორისგან გლენ იანგკინისგან გადაიბარებს, მიკი შერილმა კი დონალდ ტრამპის მოკავშირე ჯეკ ჩიატარელი დაამარცხა და ნიუ-ჯერსის პირველი ქალი „დემოკრატი“ გუბერნატორი გახდება.

