კვირას, გვიან ღამით, ბელგრადის ცენტრში პარლამენტის შენობის წინ ასობით ანტისამთავრობო დემონსტრანტი შეიკრიბა. პოლიციამ სერბეთის ავტოკრატი პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის მოწინააღმდეგეები და ერთგული მომხრეები ერთმანეთს განარიდა.
ბელგრადში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ათიათასობით ადამიანი ქვეყნის ჩრდილოეთში – ნოვი-სადში გამართულ უზარმაზარ აქციას შეუერთდა. დემონსტრანტები რკინიგზის სადგურში მომხდარი ტრაგედიის პირველ წლისთავს აღნიშნავდნენ. როგორც ცნობილია, ტრაგედიას 16 ადამიანი ემსხვერპლა.
მომიტინგეები ასევე შეიკრიბნენ დიანა ჰრკას მხარდასაჭერად. მისი შვილი, სტეფანი, გასულ წელს სადგურში ბეტონის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად დაიღუპა. კვირას დიანამ განაცხადა, რომ პარლამენტის შენობის წინ კარვების ბანაკში შიმშილობას იწყებდა.
„დიანა ჰრკა იქ არის კარავში, რომელიც მან გაშალა, თუ ხელისუფლებას შეუძლია ამის გაკეთება, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია?“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
კვირა საღამოს ჰრკას მხარდასაჭერად მომიტინგეები ასევე შეიკრიბნენ ნოვი-სადსა და რამდენიმე პატარა ქალაქში.

„ქალმა, რომელმაც შვილი დაკარგა, შიმშილობა დაიწყო. მათ კი პოლიცია გამოაგზავნეს მის გასაყვანად. როდესაც ტომისლავ ნიკოლიჩი შიმშილობდა, მაშინდელი პრეზიდენტი ტადიჩი მასთან ცოტა ხნით მივიდა. ამჟამინდელი პრეზიდენტი მასთან შეხვედრასაც კი ვერ ახერხებს“, – ამბობს ადგილობრივი მკვიდრი, პავლე ჯურიჩი.
ახალგაზრდები და მთავრობის მოწინააღმდეგეები ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. მათ იმედი აქვთ, რომ პოპულისტურ მთავრობას ძალაუფლებას ჩამოაშორებენ.
მომიტინგეები მიიჩნევენ, რომ მთავრობის კორუფციული გარიგებების გამო ნოვი-სადში მშენებლობის დროს უსაფრთხოების წესები დაირღვა, რის შედეგადაც ბეტონის კონტრუქცია ჩამოიშალა.
ხელისუფლებამ ბოლო თვეების განმავლობაში მომიტინგეები არაერთხელ დაშალა, ასობით ადამიანი კი დააკავა.
პროსამთავრობო მედიამ და ოფიციალურმა პირებმა მომიტინგე უნივერსიტეტის სტუდენტები ტერორისტებად მოიხსენიეს და ისინი ძალადობის წაქეზებაში დაადანაშაულეს.

