ბოლო პერიოდში მსოფლიოში ბირთვული რიტორიკა განახლდა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვლავ საუბრობს ახალ უნივერსალურ რუსულ ბირთვულ იარაღზე. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც დაწერა სოციალურ ქსელში მსგავსი შეიარაღების ტესტირების განახლების შესახებ. ექსპერტები კრემლის რიტორიკას ჰიბრიდული ქმედებების ნაწილად თვლიან. უსაფრთხოების გაზრდილი გამოწვევების შესახებ ევრონიუს ჯორჯიას ეთერში აშშ-ის არმიის ყოფილ მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა ისაუბრა.
გიორგი თუხარელი, ევრონიუს ჯორჯია: მოგესალმებით, ბატონო გენერალო. რუსეთმა არაერთხელ დაარღვია ნატოს საჰაერო სივრცე, კრემლმა ჩაატარა ბირთვული ცდები. ამას მოჰყვა ნატოს რეაგირება წვრთნებით – Eastern Sentry და Steadfast Noon, პარალელურად შეერთებულ შტატებში ბირთვული წვრთნების განახლების შესახებ განაცხადეს. რა ფაზაში შევიდა ახალი მსოფლიო წესრიგი?
გენერალი ბენ ჰოჯესი : რა თქმა უნდა, რუსეთი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, აგრესორი ქვეყანაა, რომელმაც არაერთხელ დაარღვია საერთაშორისო კანონი, დაარღვია მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტი. ისინი ხედავენ, რომ ჩვენ, დასავლეთს, შესაბამისი ზომები არ მიგვიღია და რუსეთისთვის პასუხი არ მოგვითხოვია. ამიტომაც ისინი აგრძელებენ ასეთ ქმედებებს, მაგალითად, დრონებს უშვებენ პოლონეთში, თვითმფრინავებს კი ესტონეთისა და ლიტვის საჰაერო სივრცეში, მათი „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემები ბალტიისა და შავ ზღვაში გადადიან. ჩვენ არასაკმარისად ვუპასუხეთ ამ ყველაფერს. ვფიქრობ, საბოლოოდ იგრძნობა, რომ დასავლეთის ქვეყნები, მათ შორის შეერთებული შტატები, უკვე აცნობიერებენ, რომ, თუ მკვეთრ საპასუხო ზეწოლას არ მიმართავ, თუ არ შეაჩერებ, მაშინ რუსეთი ამას ისევ გააგრძელებს. ეს რუსული ბირთვული გამოცდებიც… რუსეთი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, დიდი ხანია, რაც უპასუხისმგებლოდ იქცევა. კრემლი არაერთხელ დაიმუქრა, რომ ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა. ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, შეერთებულმა შტატებმა შეახსენოს რუსეთს: „ჰეი, ჩვენც გვაქვს ბირთვული იარაღი“. არ დაუშვათ საშინელი შეცდომა, რადგან თუ თქვენ ოდესმე გამოიყენებთ ნებისმიერი ტიპის ბირთვულ იარაღს რომელიმე ადგილას, რუსეთისთვის ეს კატასტროფა იქნება, რადგან ძალიან დაზარალდება. ვფიქრობ, რუსებს ეს გზავნილი არ მოეწონებათ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ისინი მხოლოდ ძალას სცემენ პატივს.
გიორგი თუხარელი, ევრონიუს ჯორჯია: ბატონო გენერალო, თქვენ ახსენეთ ბალტიის ქვეყნები. ჩემი შემდეგი შეკითხვა ეხება კალინინგრადს, სუვალკის დერეფანსა და ფინეთის ყურეს. არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთი ამ რეგიონებში დესტრუქციულ ქმედებებს მიმართავს, რადგან მოსკოვი ახლა ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლს ცდის. რამდენად რეალისტურია ეს მოსაზრება? ვგულისხმობ დასავლეთის წინააღმდეგ მომავალ ესკალაციას. რა კონკრეტული სამხედრო ნაბიჯები გადადგა ნატომ ამის შესაჩერებლად?
გენერალი ბენ ჰოჯესი: ვფიქრობ, რუსეთის ისტორიის გათვალისწინებით, განსაკუთრებით ბოლო 20 წლის განმავლობაში, სისულელე იქნებოდა, მათი საფრთხე სერიოზულად არ მიგვეჩნია. ჩემი აზრით, რუსეთს არ სურს ნატოსთან ომის დაწყება, რადგან თუ მათ ნატოს პირისპირ მოუწევთ დადგომა, ისინი განადგურდებიან. თუმცა მჯერა, რომ კრემლის მიზანი ყოველთვის იყო ნატოს დაშლა. პირველ რიგში, შეერთებული შტატების ევროპისგან გამიჯვნა, შემდეგ კი ისეთი ქმედებები, რომლებიც ალიანსს დაანგრევდა. მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, თუ თავს დაესხმებიან, მაგალითად, ესტონეთს ან ლიეტუვას სუვალკის დერეფნის გარშემო, შემდეგ კი გაჩერდებიან და იტყვიან: „ნამდვილად გინდათ ბირთვული ომი ლიეტუვის პატარა ან ესტონეთისა თუ ლატვიის ნაწილის გამო?“ და თუ ჩვენ უარს ვიტყვით, ეს დამანგრეველი იქნება ალიანსისთვის, ჩვენ მიმართ ნდობას დაკარგავენ, რადგან რუსები დაამტკიცებენ, რომ მე-5 მუხლი აღარ მოქმედებს. სწორედ ეს არის რისკი: თუ ისინი იგრძნობენ, რომ ჩვენ არ ვართ მზად და რომ არ გვსურს ნატოს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დაცვა, მაშინ, ვფიქრობ, მათი ასეთი გადაწყვეტილების მიღების რისკი გაიზრდება.
გიორგი თუხარელი, ევრონიუს ჯორჯია: ბატონო გენერალო, მინდა სამხრეთ კავკასიასა და ამ რეგიონში ნატო-რუსეთის ურთიერთობებზე ვისაუბროთ. როგორ შეაფასებდით სიტუაციას ნატოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე? ვგულისხმობ კავკასიას. რა ნაბიჯებს დგამს რუსეთი რეგიონში გავლენის გასაზრდელად და რამდენად არის დამოკიდებული უსაფრთხოების პროცესი რუსეთ-უკრაინის ომის მომავალზე?
გენერალი ბენ ჰოჯესი: საქართველო არის ადგილი, სადაც რუსეთმა დიდი დრო, რესურსი და ძალისხმევა ჩადო, რათა ქართველი ხალხისთვის ხელი შეეშალა დასავლეთთან ინტეგრაციაში. რა თქმა უნდა, რუსეთს არ სურს, ნახოს, რომ მის მეზობლებს აქვთ ლიბერალურ-დემოკრატიული კეთილდღეობა და შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის. რაც შეეხება სომხეთს, ვფიქრობ, მათ დაინახეს, რომ რუსეთი არ არის სანდო მოკავშირე. ეს არის რეგიონი, სადაც დასავლეთს სჭირდება გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა კავკასიისა, როგორც ევროპასა და ევრაზიას შორის არსებული პორტალისა, როგორც უზარმაზარი ეკონომიკური შესაძლებლობისა, რომელიც სარგებელს მოუტანს იქ მცხოვრებ ხალხს, ასევე ქვეყნებს ორივე მხარეს – შავი ზღვისა და კასპიის ზღვის ქვეყნებს. რუსეთს, რა თქმა უნდა, ეს არ სურს, თუ თავად ვერ გააკონტროლებს ამ ყველაფერს. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენ უნდა გვქონდეს გრძელვადიანი, თანმიმდევრული სტრატეგია, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ რეგიონში დასავლური ინტეგრაციის მხარდაჭერას, რის შემდეგაც დასავლური კომპანიები თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ და რეგიონში ინვესტიციებს ჩადებენ.
გიორგი თუხარელი, ევრონიუს ჯორჯია: ჩემი შემდეგი შეკითხვა რუსეთის ასიმეტრიულ ქმედებებს ეხება. ცნობილია, რომ ეს გულისხმობს სხვადასხვა ინსტრუმენტს ანუ რუსეთის ასიმეტრიულ ქმედებებს დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგ. თანამედროვე ომი ნიშნავს სხვადასხვა ჰიბრიდულ ქმედებას, როგორებიცაა კოგნიტიური მოქმედებები, დეზინფორმაცია და ოპერაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ორაზროვანი სიტუაციების შექმნასა და რუსული რიტორიკის მხარდაჭერას. როგორი იქნება რუსეთის გავლენა, განსაკუთრებით ნატოსა და ევროკავშირთან ახლო სივრცეში? და რომელი ქვეყნები ეხმარებიან ამჟამად მოსკოვს დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ ჰიბრიდულ და ასიმეტრიულ ოპერაციებში?
გენერალი ბენ ჰოჯესი: ვფიქრობ, მათი ერთ-ერთი მიზანი ამ „ნაცრისფერი ზონის“ ოპერაციებში, სადაც ისინი უშუალოდ კინეტიკური ბრძოლის დონის ქვემოთ არიან და არღვევენ სუვერენიტეტს, საჰაერო სივრცეს, სადაც უკანონოდ გადაადგილდება „ჩრდილოვანი ფლოტი“ და სადაც რუსები ეწევიან ინფრასტრუქტურის საბოტაჟს, კიბერთავდასხმას, დეზინფორმაციას, რა თქმა უნდა, არის დასავლურ ქვეყნებში გაურკვევლობისა და, შესაძლოა, პანიკის დათესვაც, იმ იმედით, რომ დასავლეთი ყურადღებას გადაიტანს სხვა თემებზე და უკრაინას აღარ დაეხმარება. ასე რომ, ეს არის რუსეთის ორმხრივი ძალისხმევა. ერთი მიზნად ისახავს უკრაინის განადგურებას. მეორე კი – დასავლეთის უკრაინის მხარდაჭერისგან გათიშვას. ვფიქრობ, ეს არის მათი ერთ-ერთი მიზანი. მეორე საკითხი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ რამდენიმე ქვეყანაში თქვენ ხედავთ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, რომლებიც ან კრემლს უჭერენ მხარს ან ანტიუკრაინულია. რუსეთი იყენებს ფულს, ინფორმაციასა და სხვა ძალისხმევას მათ გასაძლიერებლად. ასეა აქ, გერმანიაში, AFD, გვყავს ულტრამემარჯვენე პარტიები დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში, ცხადია, უნგრეთსა და სლოვაკეთშიც, სადაც რუსეთი ცდილობს, გავლენა იქონიოს იმაზე, რასაც ნატო და ევროკავშირი აკეთებენ. ეს არის შეჯიბრება. ეს არის დიდ სახელმწიფოებს შორის კონკურენცია. და ჩვენ, დასავლეთში, საპასუხო ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ, უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთი ჩვენთან ომშია, მაშინაც კი, თუ გვსურს, რომ ეს ასე არ იყოს.
გიორგი თუხარელი, ევრონიუს ჯორჯია: რას იტყოდით ამ პროცესში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე? ვგულისხმობ, რუსეთის ცრუ ნარატივის მხარდაჭერას?
გენერალი ბენ ჰოჯესი: სამწუხაროდ, ამ ქვეყნებში არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ამის ნაწილი იყვნენ… მათ უფრო მეტად მოსკოვიდან მიღებული ძალაუფლება აინტერესებთ, ვიდრე საკუთარი მოსახლეობის რეალური სურვილების გათვალისწინება და რეაგირება. ვფიქრობ, ეჭვგარეშეა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენების მიზეზი რუსეთის გავლენაა.
გიორგი თუხარელი, ევრონიუს ჯორჯია: და როგორ იმოქმედებს რუსეთის წარმატება თუ წარუმატებლობა უკრაინის ომში სტაბილურობასა და რუსეთის მთავრობების ქცევაზე ფართო რეგიონში?
გენერალი ბენ ჰოჯესი: ვიმედოვნებ, რომ რეგიონის მთავრობები დაინახავენ და გააცნობიერებენ, რომ რუსეთი არ არის სანდო მოკავშირე. მათ მიატოვეს სომხეთი. მათ მიატოვეს სირია. ის არ აღმოჩნდა ნამდვილი დამხმარე ძალა იმ დროს, როდესაც მის ე.წ. მოკავშირეებს უჭირდათ. ვფიქრობ, ჭკვიან, განათლებულ ადამიანებს ამ ქვეყნებში შეუძლიათ დაინახონ, რომ რუსეთის მომავალში არაფერია პოზიტიური და დიდებული. კრემლთან ურთიერთობა სარგებელს არ მოუტანს. აქ მხოლოდ შიშია. თუ შეხედავთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ამ რეგიონებში ცხოვრება რუსეთის ოკუპაციის შემდეგ არ გაუმჯობესებულა. თუ შეხედავთ უკრაინის იმ ნაწილებს, რომლებიც რუსეთმა 2014 წელს დაიპყრო, ცხოვრება მხოლოდ გაუარესდა. ასევეა დნესტრისპირეთში, აქაც გაუარესდა ცხოვრება. ამიტომ არ მესმის იმ ქვეყნების, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი მომავალი რუსეთთან ურთიერთობით შესაძლოა უკეთესი იყოს. თუკი, რა თქმა უნდა, საქმე არ გვაქვს ამავე ქვეყნების მთავრობებთან, რომლებიც სარგებელს იღებენ რუსეთისგან. თუმცა ერები ვერაფერს იღებენ რუსეთთან ამ კავშირით. სწორედ ამიტომ ცივი ომის ბოლოს ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა თუ ვარშავის პაქტის წევრებმა, რომლებიც რუსეთის კონტროლის ქვეშ იყვნენ, როგორც კი შეძლეს, მაშინვე სცადეს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრება, რადგან მათ იციან, რა ცუდია, როდესაც კრემლზე ხარ ბორკილებით მიბმული.
გიორგი თუხარელი, ევრონიუს ჯორჯია: ჩვენ ვახსენეთ რუსეთის ძალების სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. ჩემი ბოლო შეკითხვაც ომს ეხება. კერძოდ, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემასა და მათ გავლენას ამ ომზე. ვიცით, რომ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების – Tomahawk-ების თემა კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. როგორც აშშ-ის არმიის მაღალჩინოსანს, გთხოვთ, აგვიხსნათ, რა შეიარაღება სჭირდება უკრაინას. კონკრეტულად რა იქნებოდა შედეგის მომტანი?
გენერალი ბენ ჰოჯესი: უკრაინელებმა მიაგნეს რუსეთის სისუსტეს. რუსეთის სისუსტე ამ შემთხვევაში მისი უზარმაზარი ზომაა. გასულ საუკუნეებში რუსეთის ძალა უზარმაზარი ტერიტორია იყო. თუ ვინმე შეიჭრებოდა, რუსეთის ტერიტორია დროთა განმავლობაში უბრალოდ შთანთქავდა მას. ახლა, როცა უკრაინამ განავითარა შესაძლებლობა, რომ 1,000 კილომეტრზე მეტ მანძილზე მაქსიმალური სიზუსტით დაარტყას სამიზნეებს, მისი ეს სივრცე, ზომა უკვე სისუსტეა, რადგან კრემლს არ შეუძლია მთელი ინფრასტრუქტურის დაცვა.
უკრაინელებისთვის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურაზე, საცავებზე, ექსპორტის ობიექტებზე დარტყმის უნარის განვითარება რუსეთისთვის ნამდვილი პრობლემაა. მათი სიმძლავრე უკვე თითქმის მესამედზე მეტით არის შემცირებული. ვფიქრობ, უკრაინელებმა იციან, რომ გამარჯვების ფორმულა მათთვის არის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურაზე მუდმივი იერიში, რათა რუსეთისთვის გაძნელდეს ნავთობისა და გაზის ექსპორტი ჩინეთში, ინდოეთში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში. ამის გარეშე მათ არ შეუძლიათ ამ ომის დაფინანსება. ამის გაგრძელების შესაძლებლობა არ ექნებათ უბრალოდ. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია უკრაინისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ ეს იერიშები გააგრძელოს… რაც მათ უკვე აქვთ, ამას უნდა დაემატოს სხვა შეიარაღებაც, მაგალითად, Tomahawk-ები, ან გერმანული Taurus-ები, ან შორ მანძილზე მოქმედი სხვა იარაღი. ეს უკრაინის თავდაცვაში ინვესტირებასაც გულისხმობს. მათი თავდაცვის ინდუსტრია ძალიან კარგია. ასე რომ, დასავლეთის ქვეყნებს შეუძლიათ, ჩადონ ინვესტიციები, რათა კიევმა გაზარდოს საქმიანობის მასშტაბი.

