თბილისის მერვე მოწვევის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. დამტკიცდა საკრებულოს კომიტეტების, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისა და რაიონული გამგეობების ხელმძღვანელობა.
დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს. ასევე თბილისის ვიცე-მერის თანამდებობაზე დაინიშნა გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები კი გახდნენ: ირაკლი ბენდელიანი, ანდრია ბასილაია და კახა აბულაძე.
მანამდე კი საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოუსმინეს დედაქალაქის მესამე ვადით არჩეულ მერს, კახა კალაძეს. მან მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა:
„გამარჯვება, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მოვიპოვეთ, მხოლოდ ჩვენი გუნდის არ არის – ეს არის თქვენი გამარჯვება, თბილისელების გამარჯვება, ადამიანების, რომელთაც გჯერათ თბილისის შესაძლებლობებისა და მისი მომავლის… დღეს თქვენ წინაშე მხოლოდ ერთი დაპირებით წარვდგები – გპირდებით, თვალისჩინივით გავუფრთხილდებით თქვენ მიერ მიცემულ თითოეულ ხმას და მას კონკრეტულ საქმეებად ვაქცევთ…
არჩევნებიდან მეორე დღესვე ჩვენ მუშაობა დავიწყეთ ყველა მიმართულებით და უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. როგორც იცით, გამოცხადებულია ტენდერი დიდი დიღმისა და დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის აუცილებელი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების წარმოებაზე…“
დედაქალაქის მერის საქმიანობას გამოეხმაურნენ საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენლები. პარტია „ლელოს“ წევრმა, ვახტანგ სურგულაძემ, კახა კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკა უარყოფითად შეაფასა:
„თბილისი აღარც სინათლის ქალაქია, აღარც სიყვარულის, აღარც მშვიდობის. ეს არის ქალაქი – საცობი. აქედან დიდ დიღომში საათ-ნახევარი მინდა, ამის წინ მოსვლას 2 საათი მოვანდომე. სამტრედიაში ჩახვალ თბილისიდან 2 საათში…“
საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზურაბ ჩიკვილაძემ ოპონენტების პოლიტიკურ ნაბიჯებზე ისაუბრა და მაგალითად მოიყვანა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ქმედებები. ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას, გუნდმა თბილისის საკრებულოში მანდატი ვერ მოიპოვა:
„გამორჩეულია გიორგი გახარიას თემა. წინა არჩევნებზე თბილისის მოსახლეობამ გახარიას საშუალება მისცა, რომ საკრებულოში სამი წევრი ჰყოლოდა. დღეს მათ ვერ ვხედავთ. მათი შედეგი არის ნული. ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ თბილისში მოღალატეებს ხმას არ აძლევენ და მოღალატეებს საკრებულოში ადგილი არ ექნებათ…“ – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ცესკოს შედეგების თანახმად, 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის 50-კაციან საკრებულოში 45 მანდატი მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“, ხუთი კი ოპოზიციამ პარტიებიდან „ლელო“, „გირჩი“ და „კონსერვატორები“.

