მთავარისაქართველოსაქსტატი: საქართველოს ეკონომიკა 6.4%-ით გაიზარდა

საქსტატი: საქართველოს ეკონომიკა 6.4%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2025 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას აქვეყნებს. უწყების ცნობით, 2025 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.7 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 7 706.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 9.1 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი – 3 814.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 5.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2024 წელს დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 3 891.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 13.0 პროცენტით მეტია 2023 წლის სავაჭრო ბალანსზე.

საქსტატის ცნობით, 2024 წელს მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა 4 425.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 57.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სატრანსპორტო მომსახურება 1 716.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება 842.3 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, 2024 წლის მომსახურების იმპორტში უმსხვილესი მომსახურება წარმოდგენილია სატრანსპორტო მომსახურების სახით, რომლის იმპორტმა 2 265.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 59.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს მოგზაურობა იკავებს 485.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სხვა საქმიანი მომსახურება 285.7 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2024 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების ექსპორტში 57.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები არიან; რუსეთი 985.7 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი 980.0 მლნ. აშშ დოლარით და ისრაელი 515.0 მლნ. აშშ დოლარით.

შარშან ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების იმპორტში 51.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნები არიან: აშშ 413.4 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი 351.6 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი 322.2 მლნ. აშშ დოლარით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend