უკრაინელი სამხედროებისთვის ყველაზე ცხელი ზონა კვლავ დონეცკშია. დასახლება პოკროვსკის აღებას კრემლი უკვე ერთ წელზე მეტია, ცდილობს და როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, ბოლო პერიოდში ვითარება ფრონტის ამ მიმართულებაზე უკიდურესად დაიძაბა. რუსეთის საოკუპაციო არმია აგრძელებს მცირე ჯგუფებით იერიშებს. ქალაქის გარეუბანში დაახლოებით 200 რუსი სამხედრო განლაგდა.
თუმცა ვითარება დასტაბილურდა პოკროვსკის ჩრდილოეთით, სადაც ოფიციალური ინფორმაციით, კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლეს უკრაინელმა სამხედროებმა. ინტენსიური სამხედრო მოქმედებების გამო რუსეთს დიდი დანაკარგი აქვს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, მხოლოდ ბოლო ათი დღის განმავლობაში ფრონტის ამ მიმართულებაზე დაღუპულია 1756 რუსი სამხედრო მოსამსახურე და განადგურებულია 75 ერთეული ტექნიკა.
„სიტუაცია პოკროვსკ-მირნოჰრადის რაიონსა და პოკროვსკის მიმართულებით, ოჩერეტინეს მონაკვეთზე, კვლავ რთულია. მოწინააღმდეგე რიცხოვნობით აღემატება უკრაინულ ძალებს და აძლიერებს შეტევას. უკრაინის შეიარაღებული და თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფები გარკვეულ მიმართულებებზე აგრძელებენ თავდაცვით, ასევე შემტევ მოქმედებებს, მტერს მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს. ბოლო ათი დღის განმავლობაში უკრაინულმა ჯარებმა, რომლებიც ოჩერეტინეს მონაკვეთზე მოქმედებენ, კონტროლი აღადგინეს კიდევ ორ დასახლებულ პუნქტზე – კუჩერივ იარსა და სუხეცკიზე. ამგვარად, 2025 წლის 21 აგვისტოს შემდეგ ამ მონაკვეთზე სიტუაცია დასტაბილურდა, კონტროლი აღდგენილია ცხრა დასახლებულ პუნქტზე, კიდევ ცხრა კი გაწმენდილია მოწინააღმდეგის დივერსიული ჯგუფებისგან“, – აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოკროვსკის ფლანგზე გამწვავებულ ვითარებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტიც. ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვიდან ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ახალი დანაყოფები გადაიყვანეს და ამით გააძლიერეს სამხედრო პოზიციები.
„კარგი ამბები გვაქვს მედესანტეებისგან. ჩვენი, 82 -ე ბუკოვინსკის ბრიგადა, უკვე პოკროვსკის სექტორშია, მირნოჰრადის მიმართულებაზე. პოკროვსკის სექტორში ახლა რთული ვითარებაა, სწორედ ამ მიმართულებაზე, რუსებს ძირითადი შემტევი დაჯგუფებები ჰყავთ მობილიზებული. ეს საოკუპაციო ძალების მნიშვნელოვანი რაოდენობაა. რა თქმა უნდა, ეს ართულებს სიტუაციას პოკროვსკსა და მეზობელ რაიონებში. ქალაქის მისადგომებთან სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს, ქალაქში დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფები არიან შემოსული. გართულებულია ლოგისტიკა, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ ოკუპანტების განადგურება. ჩვენ რაც შეიძლება მეტი ზარალი უნდა მივაყენოთ რუსეთს“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ინტენსიური ბრძოლის ფონზე კრემლის არმიამ მორიგი მასშტაბური იერიში მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე. შემტევ დრონებთან ერთად კრემლმა 202 მართვადი ავიაბომბი გამოიყენა. საპასუხო იერიში მიიტანა უკრაინამაც. საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა მოსკოვშიც. თავდასხმის გამო ქალაქის 4 აეროპორტიდან 2 -დომოდედოვისა და ჟუკოვსკის აეროპორტები დაიხურა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ კიევისთვის პრიორიტეტი კვლავ საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა. ცნობილი გახდა, რომ უკრაინა საფრანგეთისგან დამატებით ავიაგამანადგურებლებს მიიღებს.
„ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი” ავრცელებს ანგარიშს, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსი სამხედრო ბლოგერები უარყოფენ ინფორმაციას, რომელსაც რუსეთის არმიის ხელმძღვანელობა ავრცელებს. მათი თქმით, რუსეთს პოკროვსკთან სამხედრო წარმატებისთვის არ მიუღწევია. კრემლის ძალოვან უწყებაში ამტკიცებდნენ, რომ ფრონტის ამ მიმართულებაზე ინიციატივა რუსი სამხედროების ხელში გადავიდა, თუმცა, როგორც თავად რუსი სამხედრო ბლოგერები ამბობენ, უკრაინელი სამხედროები ინარჩუნებენ პოზიციებს პოკროვსკში და ვითარება სრულიად ქაოსურია.

