მთავარისაქართველო„დემოკრატიული წინააღმდეგობის ახალი ეტაპი“ - „თავისუფლების მოედნის“ გეგმა

„დემოკრატიული წინააღმდეგობის ახალი ეტაპი“ – „თავისუფლების მოედნის“ გეგმა

„თავისუფლების მოედანმა“ „დემოკრატიული წინააღმდეგობის ახალი ეტაპის“ 10-პუნქტიანი გეგმა წარადგინა. თბილისის სახელმწიფო უსივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გამართულ ბრიფინგზე გეგმა პოლიტიკური მოძრაობის ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ წაიკითხა.

როგორც მან განაცხადა, „თავისუფლების მოედნის“ პოზიციაა, რომ „ავტორიტარული რეჟიმისადმი“ წინააღმდეგობა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს.

გეგმის კომპონენტებს შორისაა საუბნო და საქალაქო შეხვედრები მთელ ქვეყანაში, მასშტაბური სამოქალაქო და დემოკრატიული ყრილობა დედაქალაქში, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განახლებული დოქტრინის წარდგენა, „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ ჩამოყალიბება სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად და საერთაშორისო ზეწოლის გასაზრდელად „საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ შექმნა.

როგორც ლევან ცუცქირიძე აცხადებს, „თავისუფლების მოედანი“ მომდევნო ორი თვის განმავლობაში კვირაში ერთხელ ხალხს „ანგარიშს ჩააბარებს“ და პარტიის სამომავლო ხედვებსა და პოზიციებს გააცნობს.

„თავისუფლების მოედანი“ ვთვლით, რომ ჩვენი წინააღმდეგობა ავტორიტარულ რეჟიმთან ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს. გვინდა წარმოგიდგინოთ, ჩვენი ხედვის 10 კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც, ვფიქრობთ, კიდევ უფრო დაგვაახლოებს საბოლოო წარმატებასთან.

პირველი: ჩვენს თანამოაზრეებთან და თანამებრძოლებთან ერთად მთელი საქართველოსა და თბილისის სხვადასხვა უბნის შემოვლას ვიწყებთ, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანთან მივიტანოთ სიმართლე და ხელი შევუწყოთ საუბნო და სამოქალაქო საბჭოების ჩამოყალიბებას.

მეორე: იმის დასტურად, რომ შეგვიძლია რეალური და ძლიერი ალტერნატივის ფორმირება, წლის ბოლოს თანამოქალაქეებთან და თანამებრძოლებთან ერთად მოვიწვევთ მასშტაბურ სამოქალაქო ყრილობას, სადაც ბრძოლის შემდგომ ნაბიჯებზე ვიმსჯელებთ, და ასევე, მხარს დავუჭერთ გარდამავალი პერიოდის ხედვასა და გეგმას.

უახლოეს 30 დღეში „თავისუფლების მოედანი“ წარმოვადგენთ „თავისუფლების პროგრამას საქართველოსთვის“, რომელშიც განხილული და ასახული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი რეფორმა და ნაბიჯი, რომელიც გარდამავალ პერიოდში უნდა გადაიდგას ავტორიტარიზმიდან დემოკრატიის აღდგენამდე.

ასევე, უახლოეს 30 დღეში წარმოვადგენთ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ დოქტრინას, რომელიც წლების განმავლობაში არ განუახლებია „ქართულ ოცნებას“, იმის მიუხედავად, რომ სულ მშვიდობაზე საუბრობს. საზოგადოებას ვაჩვენებთ ჩვენს ხედვას, როგორც ეროვნული, ისე რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბით, თუ რეალურად როგორ უნდა დავიცვათ მშვიდობა და როგორ უნდა განვამტკიცოთ სტაბილურობა.

უახლოესი დღეების განმავლობაში, ეტაპობრივად წარმოგიდგენთ „თავისუფლების მოედნის“ გუნდის იმ წევრებს, რომლებსაც ვთვლით, რომ აქვთ შესაძლებლობა, გამოცდილება, ცოდნა და პროფესიონალიზმი იმისათვის, რომ ქვეყნის მართვისათვის მნიშვნელოვანი საკითხები და სფეროები ჩაიბარონ.

იმისთვის, რომ შევასრულოთ საზოგადოებისთვის მიცემული პირობები და ვერავინ გაბედოს იმ შეთანხმებების დარღვევა, რომელსაც საზოგადოების წინაშე დებენ, ვიწყებთ საჯარო კამპანიას ხელმოწერების შესაგროვებლად „ლუსტრაციის კანონის“ მხარდასაჭერად. როგორც საზოგადოებას დავპირდით, ეს იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც „თავისუფლების მოედანი“ ახალ, დამოუკიდებელ პარლამენტში ავარჩევთ.

საერთაშორისო მხარდაჭერის გასაძლიერებლად და საზღვარგარეთ ჩვენი დიასპორების კიდევ უფრო აქტიურად ჩასართავად საქართველოში დემოკრატიის გადარჩენის საქმეში, ვიწყებთ მუშაობას იმისათვის, რომ დემოკრატიის ეროვნული ფონდი დავაარსოთ და მხარი დავუჭიროთ დემოკრატიისათვის ბრძოლას საქართველოში.

„ოცნებაზე“ საერთაშორისო ზეწოლის გასაძლიერებლად და ჩვენი საერთო ძალისხმევის უკეთესი კოორდინაციისთვის, ჩვენს პარტნიორებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან, საქართველოს მეხუთე და მეოთხე პრეზიდენტს, ასევე, ყოფილ დიპლომატებს, ვთავაზობთ, და ნაწილ მათგანს უკვე შევთავაზეთ, ერთობლივად დავაფუძნოთ საგარეო პოლიტიკის საბჭო, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი პოზიციებისა და პოლიტიკის ერთობლივ შემუშავებასა და წარდგენას საერთაშორისო ასპარეზზე.

იმისთვის, რომ გავაძლიეროთ დემოკრატიის ბრძოლაში ჩვენი მხარდაჭერა და საქართველოს საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში კიდევ უფრო გაძლიერებას, კიდევ უფრო მაღლა წაწევას შევუწყოთ ხელი, დავიწყეთ მუშაობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რათა ევროკავშირში დაარსდეს მუდმივმოქმედი საერთაშორისო, მაღალი დონის კონფერენცია საქართველოში მიმდინარე კრიზისის შესახებ, სადაც უმაღლეს დონეზე, რეგულარულად იქნება განხილული, თუ რა უნდა გაკეთდეს საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად.

გამჭვირვალობის, საჯაროობის, ანგარიშვალდებულების კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად და დასტურად, ჩვენ ყოველ სამშაბათს, უახლოესი 2 თვის განმავლობაში, აქ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხალხს ანგარიშს ჩავაბარებთ – ჩვენს საქმეებზე მოვუყვებით, ვუპასუხებთ მათ შეკითხვებს და წარვუდგენთ ჩვენს ხედვებს.

ეს არის ის ათი კონკრეტული ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ იმისათვის, რომ ჩვენი წინააღმდეგობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend