ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. მოსამართლე ეკა ბარბაქაძის გადაწყვეტილებით, ყოფილ პრემიერს ჩამოერთვა პასპორტი და აეკრძალა ქვეყნის დატოვებაც.
„ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც თანამდებობის პირს, ჰქონდა როგორც შემოსავლების, ასევე გაწეული ხარჯების დეკლარირების ვალდებულება. უკანონო შემოსავლების ლეგალიზების მიზნით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში იგი უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხას“, – განაცხადა პროკურორმა ნათია თათიაშვილმა სხდომათა დარბაზში ბრალის წაკითხვისას.
პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილს გირაოს გადასახდელად 30-დღიანი ვადა განესაზღვრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს, რომელიც სულ რაღაც ნახევარ საათს გაგრძელდა, თავად ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა, თუმცა მას სიტყვის უფლებით არ უსარგებლია. ასევე არც სხდომის დაწყებამდე და არც მას შემდეგ, რაც სასამართლომ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა, ექსპრემიერს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
პროკურატურის მიერ შეთავაზებული აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებას დაეთანხმა ირაკლი ღარიბაშვილის დაცვის მხარე და თავად ბრალდებულიც.
სხდომის დასრულების შემდეგ ყოფილი პრემიერის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა მედიას განუცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს „ბრალი საბიუჯეტო თანხების მითვისებაში, გაფლანგვასა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში არ ედება”. მანვე თქვა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის პირობებში ირაკლი ღარიბაშვილს ჩვენება არავის წინააღმდეგ არ მიუცია. ადვოკატის სიტყვებით, ყოფილი პრემიერი ბრალს მისი მხრიდან უკანონო შემოსავლების მიღების ნაწილში ეთანხმება.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი დღეს წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა თან. ეს დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე პატიმრობით ისჯება.

