ხუთშაბათს ბუდაპეშტის ქუჩებში უამრავი ადამიანი გამოვიდა უნგრეთის ოპოზიციის ლიდერის, პიტერ მაგიარის, მხარდასაჭერად. 44 წლის იურისტმა და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესის“ ყოფილმა წევრმა, მაგიარმა, პოპულარობა გასული წლიდან მოიპოვა.
მაგიარი ძირითადად ყურადღებას ამახვილებს უნგრელების უმრავლესობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, როგორებიცაა: მუდმივი ინფლაცია, დაბალი დონის ჯანდაცვა და სულ უფრო თვალსაჩინო ბრალდებები მთავრობაში კორუფციასთან დაკავშირებით. ეს კი ორბანის მთავრობის უკმაყოფილებას იწვევს.

„ჩვენ აქ ხალხი ავტობუსებით არ მოგვიყვანია, არავის დავმუქრებივართ და არავინ დაგვიშანტაჟებია. აქ მყოფთ სამშობლო უყვართ და კარგი ადამიანები არიან“. – განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა პიტერ მაგიარმა.
ეს აქცია იყო ძალის დემონსტრირება გაზაფხულზე დაგეგმილ არჩვენებამდე და ის სპეციალურად, 1956 წელს საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ მოწყობილი წარუმატებელი აჯანყების ხსოვნისადმი მიძღვნილ ეროვნულ დღესასწაულზე გაიმართა.
აქციის მონაწილეები ანტისამთავრობო ლოზუნგებით გამოდიოდნენ. მათ შორის იყო: „რუსებო, წადით სახლში!“ ეს 1956 წელს უნგრეთში საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების ერთ-ერთი სლოგანია. მისი გამეორებით დემონსტრანტებმა გამოხატეს თავიანთი პოზიცია, რომ ორბანმა ქვეყანა მოსკოვთან ზედმეტად დააახლოვა. ოპოზიციის მხარდამჭერებს ქვეყანაში ცვლილელები სურთ.

მაგიარმა საარჩევნო კამპანიის დროს ყურადღება გაამახვილა სოფლებსა და რაიონებზე, რომლებიც ტრადიციულად ფიდესის საიმედო ამომრჩეველთა ბლოკს წარმოადგენს. მან ცოტა ხნის წინ დაასრულა 80-დღიანი ტურნე ქვეყანაში, სადაც მან ჩაატარა საკრებულოს ტიპის მრავალი ფორუმი, გამოვიდა სიტყვით და დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა.
ორბანი, რომელიც 2010 წლიდან ხელისუფლებაშია, წინასწარი გამოკითხვებით, ჩამორჩება მაგიარის „ტიზას“ პარტიას. არჩევნებამდე ექვსი თვეა დარჩენილი. პრემიერ-მინისტრს უჭირს თავის ამომრჩეველთა ბაზის გააქტიურება.
მიუხედავად ამისა, უნგრეთის ავტოკრატი პრემიერ-მინისტრი ორბანი უნგრეთის ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილში პოპულარობით სარგებლობს. ხუთშაბათს მან წარმატებით შეძლო ბუდაპეშტში ათასობით მხარდამჭერის მობილიზება.

