ავსტრალიაში, შობის კუნძულზე, ყოველწლიური მიგრაციის ფარგლებში ათობით მილიონი წითელი კიბორჩხალა ოკეანისკენ მიემართება. ეს ინდოეთის ოკეანის ტერიტორიის, კერძოდ კი შობის კუნძულის, ყველაზე თვალწარმტაცი სანახაობაა.
ამ პატარა კუნძულზე ადამიანთა მცირე რაოდენობა ცხოვრობს და ისინი კიბორჩხალებს ყოველთვის უწყობენ ხელს მიგრაციაში.
შობის კუნძულის ეროვნული პარკის მენეჯერმა ალექსია იანკოვსკიმ განაცხადა, რომ ინდოეთის ოკეანეში მდებარე პატარა ავსტრალიურ კუნძულზე 200 მილიონამდე ენდემური კიბორჩხალა ბინადრობს. წელიწადის ამ დროს კი მათგან დაახლოებით 100 მილიონი ტყის სოროებიდან სანაპიროსკენ მიემართება გამრავლებისთვის.

„დღის შუა პერიოდში, როცა ცხელა და მზეა, ისინი უბრალოდ ჩრდილს ეძებენ, მაგრამ დილით ადრე და საღამოს, ისინი მასობრივად გამოდიან და ნელ-ნელა მიდიან გზებზე, ტროტუარებზე, ბაღებში, სანაპირომდე. თითქმის ყველაფერი წითელ ფერშია შემოსილი“, – ამბობს ალექსია იანკოვსკი, ეროვნული პარკის მენეჯერი.
დილაადრიან და საღამოობით კუნძულის გზებსა და ბაღებს ფარავს ნელა მოძრავი კიბორჩხალების უზარმაზარი არმია, რომელიც სანაპიროსკენ მიიწევს.
„ზოგიერთ ადამიანს შეიძლება, ეგონოს, რომ ისინი შემაწუხებლები არიან, მაგრამ ჩვენი უმეტესობა ასე არ ფიქრობს. თუ შესასვლელ კარს ღიას დატოვებთ, სახლში დაბრუნდებით და მისაღებ ოთახში წითელი კიბორჩხალების მთელი თაიგული დაგხვდებათ, არ უნდა გაგიკვირდეთ. ზოგჯერ ზოგიერთ ადამიანს, თუ დილით მანქანის ეზოდან გაყვანა სჭირდება, თავად უნდა გადაიყვანოს კიბორჩხალები უსაფრთხო ადგილას, თორემ ავტომობილის საბურავი მათი პირველი მტერია. ასე რომ, დიახ, ისინი წელიწადის ამ დროს ჩვენს ცხოვრების წესს ცვლიან“, – ამბობს ალექსია იანკოვსკი, ეროვნული პარკის მენეჯერი.

სანაპიროზე მამრი კიბორჩხალები თხრიან სოროებს, სადაც მდედრები ორი კვირის განმავლობაში დებენ კვერცხებს. ახლად გამოჩეკილ კიბორჩხალებს კი მდედრები ზღვის მოქცევაში უშვებენ. ისინი ამ მოგზაურობაში ერთ თვეს ატარებენ, შემდგომ კი კვლავ სანაპიროზე ბრუნდებიან.

